„პროკურატურის დადგენილებით, შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა“

თამთა ქარჩავა
for.ge

პატრიარქის მდივან-რეფერენტს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. მთავარმა პროკურატურამ შორენა თეთრუაშვილი პარასკევს გვიან საღამოს დაკითხა. სახლემწიფო ბრალდება ინფორმაციას ამ დრომე არ ასაჯაროვებს, თუმცა საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თეთრუაშვილმა ყველა შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას პატრიარქის მდივან-რეფერენტთან, ქარჩავასთვის უცნობია, ვინაიდან დაკითხვას არ ესწრებოდა.

რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას და რა დოკუმენტაცია წაიღო პროკურატურამ საპატრიარქოდან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ედიშერ ქარჩავას ესაუბრა.

დიდი ინტერესი იყო შორენა თეთრუაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით, მოლოდინების მიუხედავად შორენა თეთრუაშვილიმედიის ობიექტივში ვერ მოხვდა. სად და რა ვითარებაში დაიკითხა პატრიარქის მდივანრეფერენტი?

ედიშერ ქარჩავა: შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქალბატონი შორენა დაიკითხა მთავარ პროკურატურაში, ზუსტად არ ვიცი, ხუთშაბათს, თუ პარასკევს საღამოს. დაიკითხა მოწმის სტატუსით. თუმცა, აქვე პროკურატურის დადგენილებით, სამართლებრივად მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან დადგენილება გამოტანილი იქნა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში. ანუ ბრალის მოქმედებაში იქნება ეს ასახული, მაგრამ კონკრეტულად რა ქმედებაში, ამის შინაარსი, რა თქმა უნდა, არ ვიცი. დოკუმენტი არ მაქვს.

დაკითხვის თემა იყო ის ბრალდებები, რომელშიც მას მეუფე პეტრე ამხელს?

– მე არ ვესწრებოდი დაკითხვას, შესაბამისად, ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად თუ რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ქალბატონ შორენას მიმართ.

გამოძიების ფარგლებში მხოლოდ შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა?

– არა, რა თქმა უნდა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და რა თქმა უნდა, გარკვეული პიროვნებები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურულ ერთეულებში შედიან და თანამშრომლები არიან, იკითხებიან.

დაკითხული პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმიანობასთან უშუალო კავშირში არიან?

– რა თქმა უნდა, თუმცა ისინი სასულიერო პირები არ არიან. თუმცა აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით მე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგცემთ, ვინაიდან ეს არის უფლებამოსილება თვითონ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების, რომლებსაც თუნდაც დღეის მდგომარეობით შეუძლიათ მიმართონ პროკურატურას, გამოითხოვონ წერილობითი მტკიცებულებები და მიიღონ სრული ინფორმაცია, თუ ვინ დაიკითხა, ან ვინ რა ჩვენება მისცა. ეს ადამიანები უშუალოდ კავშირში არიან მამა გიორგი მამალაძესთან, ან მისი ჩვენებით იქნა დასახელებული, ან საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა არ დასრულებულა, შესაბამისად, გამორიცხავთ შორენა თეთრუაშვილის განმეორებითდაკითხვას?

– მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურა შეზღუდული არ არის მოწმე რამოდენიმეჯერ, თუნდაც დამატებით დაკითხოს. აქ უნდა გავმიჯნოთ ორი მომენტი, საქართველოს საპატრიარქო გამოდის, როგორც ობიექტური პირის როლში, არ ემხრობა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. მე როგორც იურისტს და ადვოკატს ქალბატონი შორენას დაკითხვაში მონაწილეობა არ მიმიღია. მე გეუბნებით იმ ინფორმაციას, რომელიც ჩემთვის ზოგადად ცნობილია საპატრიარქოსთან მიმართებაში. ამიტომ, იურიდილი პირი საპატრიარქო, როგორც დაზარალებულად, ასე არ შეიძლება მოვიაზროთ.

თქვენი ინფორმაციით შორენა თეთრუაშვილს და დაკავებულ დეკანოზს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა?

– მე რა ინფორმაციაც მაქვს, მათ შორის რაიმე დაძაბული ურთიერთობის, ან კონფლიქტის შესახებ არ მსმენია.

როგორც საპატრიარქოს იურისტი, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია საპატრიარქოს პოზიცია დაკავებული დეკანოზისა დამის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით? თავისი შინაარსით უმძიმესია მამა გიორგის ჩვენება, რომელიც მედიაშიგამოქვეყნდა

– ამ შეთხვევაში საპატრიარქოს პოზიცია ვერ დაფიქსირდება. მოგახსნებთ ჩემს, როგორც კერძო იურისტის აზრს, რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თუ არის მამხილებელი მტკიცებულებები, რომელიც მაღალ სასულირო პირებს, ან პატრიარქს ეხება, მომხრე ვიქნები, რომ პროკურატურამ ერთი მხრივ გამოაქვეყოს ეს მტკიცებულებები, მეორე მხრივ, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებსაც უნდა მოუხსნან ის შეზღუდვა, რაც გაუთქმელობის ხელწერილს ეხება. ვინაიდან, ერთი მხრე თუ გამოაქვეყნებს მტკიცებულელებს და მეორე მხარეს არ მისცემ ამის დასაბუთების საშუალებას, მაშინ, რა თქმა უნდა, აქ შეჯიბრებითობის პრინციპი აშკარად დარღვეული იქნება.

რა სტატუსით იმყოფებოდნენ პროკურატურის წარმომადგენლები საპატრიარქოში? რამდენადაც ვიცი ჩხრეკა არ ჩატარებულა

– რამდენადაც ვიცი, მამა გიორგისთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღების მიზნით მოვიდნენ, მათ ჰქონდათ სასამართლოს განჩინება. ამოიღეს პირადი დოკუმენტაცია, რომლიც მხოლოდ მამა გიორგი მამალაძის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. რა ტიპის ინფორმაცია ამოიღეს, მე ამაზე კონკრეტულად ვერ გეტყვით. მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს აქვთ სრული უფლება, რომ განცხადებით მიმართონ მთავარ პროკურატურას, გამოითხოვონ დამატებითი მტკიცებულება, ინფორმაცია და იმ მოწმეთა ჩვენებები, რაც უფრო ნათელს მოჰფენს გარკვეულ სამართლებრივ გარემოებებს.

მოასმენინა თუ არა პროკურატურამ პატრიარქს და სინოდის წევრებს ის ინფორმაცია და ჩანაწერები, რაც პროკურატურას აქვს? გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამის შედეგ თქვა უარი უწმინდესმა დაკავებულთან შეხვედრაზე

– მე რა ინფორმაციაც მაქვს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შევხვდი მამა გიორგი მამალაძის ადვოტაკებს, მათ ზოგადად ისაუბრეს საქმის გარემოებებზე, რა თქმა უნდა, საქმის მასალები არ მოუტანიათ და არავითარი ჩვენება არ გამართულა, თუმცა, გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ და მეც, როგორც იურისტს გარკვეული შეკითხვები მქონდა საქმის გარემოებებზე.

რაც შეეხება პატრიარქს, უნდა გავმიჯნოთ ორი რამ – სამართლებრივად, რა თქმა უნდა, ვერ განახორციელებდნენ საპატრიარქოში დაკავებულის ეტაპირებას, ხოლო მეორე მხრივ, პატრიარქის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ იყო შესულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი წარმომადგენლები კი, არაერთხელ და არაერთი, თუნდაც სინოდის წევრები, იმყოფებოდნენ დაკავებულთან. ასევე, დაკავებულთან იმყოფებოდა მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მამა გიორგი თევდორაშვილი და როგორც ვიცი, გარკვეული საეკლესიო მსახურებაც განახორციელა.

რამდენად მყარია პროკურატურის მტკიცებულება?

– შესაძლებელია პროკურატურას რაღაცა მტკიცებულება გააჩნდეს, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, თვითონ ციანიდის ამოღება და ქონა საქართველოს კანონმდებლობით არ ისჯება, ანუ დანაშაული არ არის. თუკი ამ ციანიდის ქონა მიზეზობრივ კავშირში არ არის სხვა ჩვენებებთან, მტკიცებულებებთან, აუდიო-ვიდეო ჩანაწერებთან და უტყუარად არ დასტურდება მამა გიორგის განზრახვა ბრალეულობის ნაწილში, რომ მას ნამდვილად უნდა მოეწამლა, ამ მოეკლა ვიღაცა. ამ შემთხვევაში პროკურატურას გაუჭირდება მისი დამნაშავედ ცნობა.

 თამთა ქარჩავა
for.ge
Comments
Loading...