ქართული ოცნება ხვალ 20 ახალ წევრს წარადგენს

პარტია „ქართული ოცნება“ ხვალ, 13 ივლისს, საგურამოში პარტიის 20-მდე ახალ სახეს წარადგენს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, როგორც მაჟორიტარული, ასევე, პარტიული სიის ფორმირება 18 ივლისამდე დასრულდება.

კონკრეტული პირების ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა ტელეკომპანია „იბერია“ რამდენიმე პოლიტიკოსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ერთ-ერთი „ჯინდალ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორი ბექა ოდიშარია იქნება. ასევე, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კენჭს მთაწმინდაზე იყრის. მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი, შევარდნაძის მთავრობის მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი იქნება.

„იბერიის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაში სოსო ჯაჭვლიანი, დავით ლორთქიფანიძე, ნუკრი ქანთარია, გოგი ქავთარაძე, ფატი ხალვაში, ზაზა პაპუაშვილი და თამაზ ჯაფარიძე აღარ იქნებიან, პარტიულ სიაში კი ვეღარ მოხვდებიან გუგული მაღრაძე, ომარ ნიშნიანიძე, ივანე კიღურაძე, ლუკა კურტანიძე და პაატა ბარათაშვილი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახმეტაში ზურაბ ზვიადაურს გელა სამხარაულით ჩაანაცვლებენ.

დედოფლისწყაროში კენჭს კვლავ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი იყრის. ელისო ჩაფიძეს კი ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქში მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს.

Comments
Loading...