„ქართული ოცნების“ პარტიის წევრებმა EPP-ს განცხადებით მიმართეს

კოალიცია „ქართული ოცნების” პარლამენტის წევრებმა ევროპის სახალხო პარტიას (EPP) განცხადებით მიმართეს.

განცხადების ავტორები გიორგი ვოლსკი – ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი – ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და თედო ჯაფარიძე – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროპის სახალხო პარტიისგან ითხოვენ, რომ ევროპის სახალხო პარტიამ თავი შეიკავოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევისაგან.

„ჩვენ ვართ შოკირებულები და დამწუხრებულები ევროპის სახალხო პარტიის აღნიშნული ანგარიშით და რეზოლუციით, საქართველოში მედიის თავისუფლებასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დეზინფორმაცია, უსამართლო და ორივე მხარისთვის, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის ინტერესების დამაზიანებელი.

ვითვალისწინებთ რა ევროპის სახალხო პარტიის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ ნათესაობას, კოალიცია „ქართული ოცნება” კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულ ანგარიშს და მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიას, ყურადღება გაამახვილოს იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც არსებობს ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც პოლიტიზირებული, ან როგორც ჩარევა დამოუკიდებელი სასამართლოს საქმეებში, მათ შორის „რუსთავი 2″-ის საკუთრებასთან დაკავშირებულ საქმეში.

რამდენადაც ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას” და მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერის ფონზე წააგო არჩევნები (მიუხედავად უსამართლო უპირატესობისა) და 2012 წელს მთავრობის ფორმირება მოხდა კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ, საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა. მიაღწია პროგრესს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. მოახდინა მთელი მმართველობის სისტემის რეფორმა. მიაღწია საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებების, მათ შორის მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში, ასევე ხელისუფლების გამჭვირვალობის, კორუფციისგან გათავისუფლების და კარგი მმართველობის თვალსაზრისით.

გაიზარდა პოლიტიკური პლურალიზმი, და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში „ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა არა ერთი, არამედ ორი ტური თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა.

ჩვენმა რეფორმებმა ფართო აღიარება მოიპოვა მათ შორის ევროკავშირის მიერაც. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით. გთხოვთ, იხილოთ თანდართული ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და პროგრესზე ევროატლანტიკურ და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ პარლამენტის წევრ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებას, „რუსთავი 2″-თან და საბჭოთა დიქტატორ სტალინთან დაკავშირებით.

ჩვენი პოლიტიკური კოალიცია არის პროდასავლური ღირებულებების ერთგული, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ერთადერთი სწორი მომავალი და ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და ვიცავთ, ეს არის სრულიად საპირისპირო იოსებ სტალინის რეჟიმის ღირებულებებისგან. ჩვენ, როგორც ევროპული ოჯახის წევრები, მივისწრფვით დემოკრატიული განვითარებისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების” დეპუტატებმა სახალხო პარტიას პარლამენტიდან 2015 წლის 27 ოქტომბერს გაუგზავნეს.

Comments
Loading...