ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი
ბოლო დროს ჩვენს პორტალზე, “old.mpress.ge”-ზე განთავსებულ სტატიებს საქართველოში არსებული მასონურუ ლოჟების შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს რედაქციაში მივიღეთ წერილი “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი”-ს წარმომადგენელი გიორგი მართალის სახელით, წერილს უცვლელად გთავაზობთ:
პირველ რიგში დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ 2015 წლის ზაფხულში საქართველოში მოხდა განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი მოვლენა: ევროპაში, სკანდინავიის კუნძულზე, კანადაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი, ასევე ამერიკელი, გერმანელი და სხვა ევროპელი ძმების აქტიური მხარდაჭერით თბილისში დაფუძნდა “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“, რისთვისაც მე, ამაყი, რომ მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე ვიყავი, მადლობას ვუხდი ყველა ძმას. მინდა, მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გვეკონტაქტება, გამოხატავს უდიდეს პატივისცემას და სიხარულს, რომ ილუმინატების ორდენში გაწევრიანება უკვე საქართველოს ტერიტორიაზეც გახდა შესაძლებელი. მადლობას გიხდით თქვენ, რომ მოგვეცით საშუალება მივმართოთ საზოგადოებას, რომლის ინტერესმაც ჩვენი მოლოდინი სრულებით გაამართლა. ორდენის ისტორიის მოკლედ მოყოლა შეუძლებელია მასალის მოცულობიდან გამომდინარე, თუმცა, ვინაიდან ილუმინატებზე უამრავი ლეგენდა დადის, რომელთაგანაც უმეტესობა სიმართლეს არ შეეფერება. მე შევეცდები მინიმალური ინფორმაცია გადმოვცე ჩემი სტატიით.
ევროპაში მოგზაურობისას მომიწია შეხვედრა ევროპელ და ამერიკელ მკვლევარებთან, რომლებმაც მრავალი წელი დაუთმეს ორდენის ისტორიის შესწავლას. მიუხედავად იმისა, რომ ილუმინატების ორდენი, როგორც ორგანიზებული გაერთიანება, საზოგადოება, საძმო, მეთვრამეტე საუკუნემდე არ არსებობდა. ავტორიტეტულ მკვლევართა დიდი ნაწილი ილუმინატთა გილდიების მოღვაწეობაზე საუბარს ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის ეპოქიდან იწყებს. არ შეიძლება, მხედველობიდან გამოგვრჩეს ტაძრელების და ილუმინატთა გილდიის კავშირი, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელმა ითამაშა გადამწყვეტი როლი წმინდა მიწაზე ტაძრელთა ორდენის ჩამოყალიბებაში. “ტაძრელებს” – ქრისტიანობის მცველ რაინდებს, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდნენ ეკლესიის ინტერესებს იერუსალიმში, ჰქონდათ ძლიერი სამხედრო ძალა. მათ შემოიღეს საბანკო მომსახურეობის და კრედიტის გაცემის სისტემა. ბურუსით მოცული ისტორიის ეკლიან ლაბირინთს თუ გავყვებით, მატიანე აუცილებლად მიგვიყვანს მეფე სოლომონის და მეფე ჰირამის ცნობილ შეთანხმებამდე, რომელიც სოლომონის ტაძრის მშენებლობით დაგვირგვინდა.
რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული ილუმინატთა გილდიის წევრები იყვნენ დიდი მეცნიერები, ფილოსოფოსები, სასულიერო პირები, მოსამართლეები, მეფეები, პრეზიდენტები და რიგითი მოაზროვნე, ინტელექტუალი ადამიანები (სწორედ ასეთი ინდივიდების ერთობის გამო ეწოდა ჩვენს საზოგადოებას “ილუმინატები”, ლათ. ILLUMINATI – “განათლებულნი“), რომლებიც დაუღალავი, ფასდაუდებელი შრომით ცდილობდნენ საზოგადოების განვითარებას და ცოდნის ამაღლებას. გილდიის წევრები ფარულად იკრიბებოდნენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის და საკუთარი აზრების ურთიერთგასაცვლელად. კათოლიკური ეკლესიისთვის და ბევრი ევროპელი დიდებულისთვის მსგავსი გაერთიანების არსებობა საშიშროებას წარმოადგენდა, ვინაიდან თავისუფალი აზრი საფრთხეს უქმნიდა მათ აბსოლუტურ მმართველობას და მასებზე გავლენას.
1776 წლის 1 მაისს ბავარიაში “ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი ჩამოაყალიბა გერმანელმა ფილოსოფოსმა, ინგოლშტადტის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ვაისჰაუპტმა. ვაისჰაუპტის ელიტარული საზოგადოება მალევე გაძლიერდა. იქ გაწევრიანება დაიწყეს მეცნიერებმა, ინგოლშტადტის უნივერსიტეტის პროფესორებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. ორდენს ევროპის ყველა ქვეყანაში ჰყავდა წარმომადგენელი. ინტერესი “ბავარიელი ილუმინატების“ მიმართ გაღვივდა, რის შედეგადაც წევრების შერჩევა უფრო მაღალი წრეებიდან გახდა შესაძლებელი. მოგვიანებით, დიდების ზენიტში მყოფი ელიტარული საზოგადოების მიმართ, რომელიც 2000-ზე მეტ წევრს ითვლიდა, გაჩნდა ბოღმა, შური, შიში (მოხდა სწორედ ის, რაც ხდებოდა რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული), რამაც გამოიწვია აბსურდული ბრალდებები კათოლიკური ეკლესიის და ბავარიის ხელისუფლების მხრიდან. ილუმინატებს ცილი დასწამეს სახელმწიფო ღალატში და ორდენში გაწევრიანების მსურველებს ბავარიის ხელისუფლება თავის მოკვეთითაც კი დაემუქრა, თუმცა, ამას გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა არ შეუმცირებია. 1787 წელს ხელისუფლებამ უსამართლო ბრძოლა გააჩაღა “ბავარიელი ილუმინატების“ წინააღმდეგ. მრავალი დაპატიმრების და დარბევის შედეგად განადგურდა ილუმინატების არქივი, საიდუმლო ინფორმაცია, სამეცნიერო კვლევები, ფილოსოფიური ნაშრომები, ლიტერატურა და სხვა. აქედან იწყება ორდენის შესუსტება. მოგვიანებით ელიტარული საზოგადოების ნაწილი იატაკქვეშეთში წავიდა, ნაწილმაც დატოვა გერმანია და თავი შეაფარა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას – ზოგმა სკანდინავიის კუნძულზე გადაინაცვლა, ზოგიც ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაემართა. თავად გერმანელი ფილოსოფოსი და პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი 1830 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა. 1896 წელს ორდენი აღდგა დრეზდენში. ამ პერიოდიდან დაიწყო ილუმინატების ორდენის ჩამოყალიბება ევროპულ სახელმწიფოებში და ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ტომას ჯეფერსონი – ილუმინატების ორდენის წევრი და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მესამე პრეზიდენი – ვაისჰაუპტზე წერდა:
“როგორც ჩანს, ვაისჰაუპტი თავდადებული ფილანტროპია. ის მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ადამიანური ბუნების სრულყოფილების. ის თვლის, რომ დროთა განმავლობაში თავისუფლად შეძლებს ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავს კონტროლი გაუწიოს, რათა თავისი საქმიანობით პოლიტიკურ ხელისუფლებას არ მისცეს მასზე ზემოქმედების საბაბი. ვაისჰაუპტს მიაჩნია, რომ ადამიანური ბუნების ამაღლება იესო ქრისტეს მთავარ მიზანს წარმოადგენდა. იესო ქრისტე ცდილობდა რელიგიის აღდგენას საკუთარი მორალური პრინციპების გავრცელების გზით, რათა ადამიანებს ესწავლათ თავიანთი შინაგანი სამყაროს მოწესრიგება და რეგულირება. ქრისტეს მცნებები წარმოადგენს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ამ მცნებათა შეგონებით კი, იესო ქრისტე იმედოვნებდა, რომ კაცობრიობა დაუბრუნდებოდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას — თავისუფლებასა და თანასწორობას. ვაისჰაუპტი ამბობს, რომ არავის არასოდეს შეუქმნია ისეთი დიდი საფუძველი თავისუფლებისათვის, როგორც იესო ნაზარეველს. ვაისჰაუპტი გვთავაზობს ადამიანური ბუნების სრულყოფას, გაუმჯობესებას, კეთილგონიერების შთაგონებას. ის ამბობს, რომ წარმატების უზრუნველყოფის მიზნით თავს იკავებს ხმაურიანი და შემაშფოთებელი განცხადებებისაგან:
“ შთამომავლობის ბედნიერების წინასწარ განჭვრეტა და მისთვის ნიადაგის შემზადება სხვადასხვა საშუალებებით, სრულიად საკმარისია ჩვენი ბედნიერებისათვის, სულიერ სიმშვიდეს ვერაფერი დაგვირღვევს.“- ადამ ვაისჰაუპტი
გამომდინარე იქიდან, რომ ვაისჰაუპტი სასულიერო პირთა დესპოტიზმისა და ტირანიის ხანაში ცხოვრობდა, მან იცოდა, რომ ინფორმაციისა და საკუთარი პრინციპების საზოგადოებაში გავრცელების დროსაც კი სიფრთხილე მართებდა. ის ცდილობა გრადაციის გზით ახალი წევრების გადმობირებას, რათა დაპირისპირებოდა ამ ტირანიას. საბოლოოდ, მისმა შეხედულებებმა გამოიწვია ბავარიიდან განდევნა, ფარული ორგანიზაციის დაშლა და გზა გაუხსნა ბარუელის, მორსეს და რობინსონის ნაბოდვარს, რომლებსაც რეალურად მხოლოდ იმის ეშინოდათ, რომ ვაისჰაუპტისეული მოძღვრებების გავრცელების შედეგად ისინი “თამაშგარე“ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ეს თემა ჩემთვის ახალი არ არის, წარმომიდგენია, თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით, მსგავს სიამოვნებას მიიღებდით, რაც მე განვიცადე ამ ანალიზის შექმნისას და მჯერა, დამეთანხმებით — ადამ ვაისჰაუპტს რომ ეცხოვრა აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არ არის საჭირო არავითარი საიდუმლო მოღვაწეობა ადამიანთა განსწავლისათვის, მას არ დასჭირდებოდა ეს ფარული მექანიზმები საკუთარი მიზნის მისაღწევად.“
ტომას ჯეფერსონი
ადამ ვაისჰაუპტი
ჯეფერსონის გარდა, ამერიკული პოლიტიკური ელიტიდან ილუმინატების ორდენის წევრები იყვნენ ამერიკის სხვა პრეზიდენტები, სენატორები და ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე დამაარსებელი.
აშშ-ს სახელმწიფო ბეჭდის უკანა მხარეს გამოსახულია დაუსრულებელი პირამიდა. პირამიდის საფუძველში გვხვდება წარწერა “MDCCLXXVI”, რომელსაც რომაული ნუმეროლოგიის გამოყენებით თუ გავშიფრავთ, მივიღებთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღს (1776 წელი). ზუსტად იგივე გამოსახულება შეგვიძლია ვნახოთ ამერიკულ 1 დოლარიანზე. მკვლევართა ვერსიით, პირამიდაზე მითითებული “MDCCLXXVI” აღნიშნავს არა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღს, არამედ “ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის დაარსების თარიღს.
ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული ილუმინატთა გილდიის წევრებს ჰქონდათ კონტაქტები ქართულ არისტოკრატულ და პოლიტიკურ წრეებთან (და არა მხოლოდ მათთან), მაგალითად, XII საუკუნეში, როდესაც საქართველომ შეძლო ჩართულიყო მსოფლიო კომერციულ ცხოვრებაში, გილდიის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობდნენ უმსხვილეს საკრედიტო-სავაჭრო ასოციაციასთან, რომელიც თბილისში ორთაღის სახით მოქმედებდა. საკრედიტო-სავაჭრო ასოციაციის შესახებ ცნობა დაცულია 1259 წელს კახა თორელის მიერ რკონის ეკლესიისადმი გაცემულ სიგელში:
“წავედი, ორტაღთაგან ლარი და თეთრი ავიღო. ვარებადი და ვყიდდი თუალსა მარგალიტსა და ზარქაშსა, ვაჭრობა კი მოგებას იძლეოდა, ორტაღთა მათი ხელთავე მივსცი. ხოვლისა ფასი მითა მოვიგე და ვიყიდე ხოვლე.“
მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები საუკუნეების მანძილზე უფრო და უფრო მჭიდრო ხდებოდა ილუმინატებსა და საქართველოს შორის. XIX-XX საუკუნეებში მრავალი გამოჩენილი ქართველი გახდა ილუმინატების ორდენის წევრი, თუმცა, საბჭოთა კავშირმა პოლიტიკური რეპრესიებით დაუნდობელი ომი გამოუცხადა ილუმინატების ორდენს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას. აი, რას წერს საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და ჩვენი ორდენის საამაყო წევრი ნოე ჟორდანია საკუთარ თანამებრძოლზე და ილუმინატების ორდენის ღირსეულ წევრზე ნოე რამიშვილზე:
“დავკარგეთ დიდი ქართველი, დიდი ამხანაგი, დავკარგეთ ნოე რამიშვილი.
კაცი – რკინის აგებულების, ფოლადის ხასიათის, დაუშრეტელი წყარო ენერგიის, მხნეობის და თავის დადების.
მასში ბუნებამ გამოკვეთა ადამიანი საკვირველი, სანახაობა იშვიათი, ერთი მთლიანი ქმნილება, ყველა მისი თვისებები ერთი-მეორესთან შეგუებული, მისი შინაგანი და გარეგანი სახეობის ჰარმონიული.
ის იყო დასრულებული ტიპი მებრძოლის, გატაცების, მტერთან მტრობის და მეგობართან მეგობრობის.
ის საუკეთესოთ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებისყოფას, სიმტკიცეს და აღებული გეზის ერთგულებას.
მან არ იცოდა ბრძოლაში წაბორძიკება, გამარჯვებაში დაეჭვება, გაჭირვებაში დახევა, უბედურობაში სასოწარკვეთილება, ყოველგვარი რთული მდგომარეობიდან ის მუდამ პოულობდა გამოსავალს.
მისი საღი, ხალხური ოპტიმიზმი ხიბლავდა და იტაცებდა ყველა მის თანამებრძოლთ; ახალგაზრდობას აძლევდა რწმენას, დაეჭვებულს უმაგრებდა იმედებს.
შურდულივით პირდაპირი, შეუჩერებელი მომქმედი, აქტივობის გამომხატველი, ის მუდამ მტრის ბანაკში იყო შეჭრილი და მას შორიდან თუ ახლოდან შეგნებულად უტევდა.
მან არ იცოდა საქმეში დაბნევა, აღელვებისათვის აყოლა, ბრძოლაში წონასწორობის დაკარგვა. აკეთებდა რაც სწამდა, სწამდა რასაც აკეთებდა.
მას ჰქონდა რკინის ნერვები, აუტანელს აიტანდა, მძიმე ტვირთს მსუბუქად ასწევდა.
ის ფიქრობდა მუდამ საქმეზედ; მან არ იცოდა სხვა სიამოვნება, მას არ იტაცებდა ცხოვრების არავითარი სიტკბოება, არ ეძებდა არავითარ ფუფუნებას; მას ანუგეშებს ერთადერთი ფიქრი – ქვეყნის სვე – ბედი, მას ჰქონდა ერთადერთი სიამოვნება – ქვეყნის სამსახური.
ასეთი იყო ნოე რამიშვილი.
ვინ არ იცნობდა მას? ვის არ გაუგონია მისი სახელი? მან შთაბერა სამარადისოდ თავისი უკვდავი სული ჯერ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, შემდეგ მთელს ერს. მისი 30 წლის აბობოქრებული ბრძოლა, ყოველთვის და ყოველგან თავის პოსტზე მამაცურად დგომა, წაქცეული საქმის აყენება და წამოყენებულის გამაგრება – ჩვენში საყოველთაოდ ცნობილია.
ქართველმა ერმა პირველად მასში განასახიერა თავისი თავისუფლება, პირველად მას მიანდო ნაციონალური მთავრობის შედგენა.
ქართველმა ერმა მასში გამოხატა თავისი პოლიტიკური ღირსება, თავისი სიმწიფე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. როცა დედამიწის ერთ – მეექვსედზე ანარქია ბობოქრობდა, როცა მთელი კავკასია ცეცხლის ალში გაეხვია, აი ამ საერთო დანგრევის და სიკვდილის ცელის ბატონობაში ერთადერთი საქართველო წარმოადგენდა მყუდროების ოაზისს, თავისუფლების და წესიერების უკანასკნელ საბუდარს, და ეს სასწაულობა მოხდა ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის, ჩვენი ნოე რამიშვილის მეთაურობით. როცა მტერი ყოველი მხრით შემოგვესია, როცა მისი აგენტები დაძრწოდნენ საქართველოში შეთქმულების და აჯანყების მოსაწყობად და მით ჩვენი თავისუფლების შიგნიდან ასაფეთქებლად, როცა ამ ვერაგობაში იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წინდაწინ აცხადებდნენ ევროპაში საქართველოს წითელი ჯარი კი არა, თავისივე ხალხი შეესიაო, ვინ ჩაუფუშა მათ მთელი ეს ჯოჯოხეთური გეგმები, ვინ გასწმინდა ჩვენი ჯარების ზურგი შინაგანი მტრებისაგან, ისე რომ ერთი თოფიც ჩვენ მებრძოლთ უკნიდან არ მოხვედრია? იმავე ნოე რამიშვილმა!
მან დაიცვა ქართველი ერის ღირსება; მისი მეოხებით ჩვენ მოგვეცა საშუალება ქვეყნისათვის გვეთქვა: ჩვენი სამშობლო დაიპყრო უცხო ჯარებმა!
რომელი ერთი ჩამოვთვალო? მისი საქმენი ისტორიის საგანია. ვიტყვით მხოლოდ, რომ ყოველ კრიტიკულ მომენტში, იქ და აქ, ამ ემიგრაციაში, ნოე რამიშვილს მივმართავდით და ყოველთვის, გამოუკლებლივ, ჩვენ დავალებას და მის მოვალეობას ბოლომდე შეასრულებდა. არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, მას აღებული საქმე არ გაეკეთებინოს.
მისი ადგილი ცარიელია, მას მემკვიდრე არ დარჩენია, ჩვენი მწუხარება უსაზღვროა. მოგვკვეთეს მარჯვენა ხელი, მოგვიკლეს ვერაგულად, ლაჩრულად. მტერმა აიღო ჩვენი უძლიერესი სიმაგრე, აიღო შიგნიდან, ვაი სირცხვილო, ვაი ველურობავ!
აღარა გვყავს ნოე რამიშვილი! მოკვდა თავის პოსტზე თავ აწეული და წმინდა დროშით საქმეზე მიმავალი. მან დასდო თავი ერის სამსხვერპლოზე. მან შესწირა მთელი თავისი ძალღონე, მას შეაპკურა თავისი სისხლი.
და ჩვენ, დარჩენილნი, შეგვიძლია ვანუგეშოთ მისი სულით, მივცეთ ფიცი მტკიცე და დაურღვეველი: გზა მის მიერ თელილი და შეწყვეტილი ჩვენ მიერ იქნება გაგრძელებული, ბოლომდე, გამარჯვებამდე.
მშვიდობით ჩემო ნოე, მეგობარო სულით და გულით მოსანდობარო. განვვლეთ ერთად ეს მწარე ათი წელი შეხმატკბილებული. მე ვფიქრობდი შენს დატოვებას, შენ მომასწარი, მე დამტოვე, მოხუცებული მიწას გაბარებ ახალგაზრდას. მუხთალი ბედი თავს დაგვტრიალებს. განისვენე ამ უცხოეთის ცივ სამარეში, ოდესმე ჩვენი მზეც გამოანათებს, ან ერთად დავრჩებით ამ უცხოეთში, ან ერთად წავალთ ჩვენს სამშობლოში. “
ნოე ჟორდანია
ნოე რამიშვილი
დიახ, სწორედ ასეთ პიროვნებებს ებრძოდა XX საუკუნის ბნელი ეპოქა. საბჭოთა კავშირის დროს ბევრი ღირსეული ძმა დასაჯეს სიკვდილით, ხოლო ვინც უსამართლო დაპატიმრებებს და სიკვდილით დასჯას დაუსხლტა, თავი ევროპულ ქვეყნებს შეაფარა. ნაწილმაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა. მრავალი საინტერესო ფაქტის შესწავლა და საზოგადოებისთვის წარდგენა იქნებოდა ჩვენთვის შესაძლებელი, თუმცა, XX საუკუნის დასაწყისში რეპრესიების შედეგად განადგურდა ილუმინატების არქივი. საბჭოთა კავშირი თესავდა და აღვივებდა სიძულვილს ადამიანთა შორის. მაშინდელი პოლიტიკური წყობილება წარმოადგენდა ბოროტების და დეზინფორმაციის უხეშ მანქანას. საქართველო იმყოფებოდა თითქმის 100 წლიან ინფორმაციულ ვაკუუმში, ხალხს იმას ასმენინებდნენ ტელევიზიით და იმას წერდნენ გაზეთებში რაც წინასწარ მოფიქრებული იყო მოსკოვში რუსეთის მთავრების მიერ. ამიტომაც არის, რომ დღესდღეობით ის ბინძური ჭორები რაც დადის ილუმინატებზე და რაც ევროპაში და ცივილიზებულ მსოფლიოში უკვე გაქარწყლებულია, საქართველოში ახლა განიხილავენ და ზოგიერთი ჭორი ახლა შემოდის. სწორედ საბჭოურმა სიძულვილმა და ბოროტებამ დაგვაკარგვინა ქვეყნის სიამაყე – აფხაზეთი; დროებით დავკარგეთ ძირძველი ქართული მიწა დასავლეთით და აღმოსავლეთით (ვგულისხმობ სამაჩაბლოს). არავინ დამასწროსო და შურით დაბრმავებულები ძირს უთხრიდნენ ქვეყნის მთლიანობას, ერთიანობას, თავისუფლებას, რით ემტროთ ერთმანეთისთვის ვეღარ არჩევდნენ, “უჩინმაჩინის“ ქუდს იხურავდნენ, “უსახელო“ წერილებს სწერდნენ, აბეზღებდნენ, სხვის სახელსა და გვარს ამოფარებულნი მოუფიქრებელს და მოუგონებელს იგონებდნენ, რომ როგორმე ევნოთ სხვისთვის, თუნდაც ადრესატი თავიანთი ბოროტებისა ერისთვის სასიკეთო საქმისთვის ყოფილიყო შემართული. საქართველოს ისტორიაში სევდიან მოგონებად ჩაიწერება მემკვიდრეობა, რომელიც გვერგო 1990 წლიდან მოყოლებული – ეს არის წლები, როდესაც გაუსაძლისი ეკონომიკურ-სოციალური პირობების გამო დაიწყო ჩვენი მოქალაქეების მასიური გადინება ქვეყნიდან ძირითადად ევროპის მიმართულებით. ზოგადად მთელს მსოფლიოში გაფანტული ქართული ემიგრაცია და დიასპორა აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ უკან, ვინაიდან სწორედ ეს ადამიანები არიან სამშობლოს საიმედოდ გაჩენილი ჯიშისა და გენის გასამრავლებლად, ქვეყნის აღმშენებლობისათვის დაბადებული ახალგაზრდები.
ილუმინატებს ებრძოდნენ და ებრძვიან იქ, სადაც ებრძვიან და კლავენ თავისუფლებას. ეს ასე იყო საბჭოთა კავშირში, ისლამისტურ ქვეყნებში და ფაშისტურ გერმანიაში, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ვალდებულები ისე ვიფიქროთ როგორც რომელიმე ხელისუფალი მოისურვებს. ასეთი მთავრობების ან სპეციალურად შავი პიარის ასაგორებლად დაქირავებული ჯგუფების ან ინდივიდების მუშაობის შედეგად ილუმინატებზე დღესდღეობით არსებობს ბინძური ჭორები, რომ თითქოსდა მსოფლიოს შეთქმულებას ვუწყობთ და ა.შ. ეჭვებს რამდენიმე კომპონენტიც ამძაფრებს:
1.ილუმინატებში არსებული საიდუმლო მიმიკების და ჟესტების ენა. გასაიდუმლოებული სიმბოლიკა, რომლის არსებობაც თქვენთვის კარგად ცნობილია.
2.ილუმინატი ტრიბუნასთან არასდროს გამოვა და არ დაიწყებს საკუთარი მსოფლმხედველობის ახსნას ან თავის მართლებას. ეს ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება.
3.ჩვენ არავისთან ვდაობთ, ისევე როგორც მეცნიერება მხოლოდ იძახის და ამით გარკვეულ ფაქტს უკეთებს კონსტანტირებას.
4.ამას ემატება სენსაციების მაძიებელი მწერლების და ჟურნალისტების “შემოქმედება“, ეგრეთ წოდებული “სკანდალური” წიგნები და სტატიები, რომლებიც ხელს უწყობენ მსოფლიო შეთქმულების თეორიის წინა პლანზე წამოწევას. მათი “ნაშრომები“ სკანდალური თემით ორიენტირებულია გაყიდვადობაზე, თორემ ასეთ წიგნებს არანაირი ლიტერატურული, ფილოსოფიური, მეცნიერული ან მხატვრული ღირებულება არ გააჩნიათ.
ჩვენ არ ვართ რელიგიური ან პოლიტიკური გაერთიანება, არც ჩვენი წევრების რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება, კანის ფერი და სქესი გვაინტერესებს. ჩვენთან ყველა თანასწორია. ორდენის შიგნით აკრძალულია პოლიტიკასა და რელიგიაზე საუბარი, ვინაიდან ორდენის წევრები არიან სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებიდან. ასეთმა საუბრებმა შეიძლება ხელი შეუშალოს და-ძმურ დამოკიდებულებას. არა მორალურად არის მიჩნეული და დაუშვებელია ორდენის სახელით პოლიტიკური ან რელიგიური განცხადების გაკეთება, ვინაიდან ორდენი არ საუბრობს რელიგიასა და პოლიტიკაზე. ორდენი უკრძალავს საკუთარ წევრებს ადამიანის რწმენაზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას, ვინაიდან ამას მივიჩნევთ დანაშაულად.
ჩვენ არ ვართ სექტა, ვინაიდან სექტა ნიშნავს არსებულისგან გამოყოფას, ჩვენ კი თავად წარმოვადგენთ ინსტიტუციას.
ჩვენ არ ვართ საიდუმლო საზოგადოება, თუმცა, გვაქვს შიდა სამზარეულო, პატარა საიდუმლოებები, რომლის ცოდნაც მხოლოდ ორდენის წევრისთვის არის დასაშვები.
თითოეული ილუმინატი გამოირჩევა ორდენისადმი მორჩილების, ერთგულების, საიდუმლოს შენახვის, მოთმინების, ადამიანების მიმართ პატივისცემის და თავაზიანობის უნიკალური უნარით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავეხმაროთ ნებისმიერ ჩვენგანს ნებისმიერ დროს.
თითოეულმა ილუმინატმა იცის, რომ ადამიანი თავისი ბუნებით არ არის “ცუდი“, უბრალოდ ზოგიერთ ადამიანზე უარყოფით გავლენას გარეფაქტორები ახდენენ. ჩვენ გვჯერა მისი უმაღლესი დანიშნულების და ვცხოვრობთ ისე. რომ მტრები დავიმეგობროთ, ხოლო მეგობრები არ ჩამოგვშორდნენ.
ორდენში არის ოთხ გრადუსიანი დაყოფა:
ა-1. განდობილი
ბ-2. შეგირდი
გ-3. დამხმარე მინერვალი
დ-4. ყოვლად ღირსეული მინერვალი.
ორდენს მართავს ჩვენი შემადგენლობიდან არჩეული ყოვლად ღირსეული მინერვალი. არის კიდევ ხუთიდან ზემოთ სხვა გრადუსებიც, თუმცა, სავალდებულო მეოთხე გრადუსზე ასვლაა. ყოველი ახალი გრადუსის მინიჭებამდე წევრმა უნდა ისწავლოს რაღაც ახალი და სასურველია მონაწიელობა მიიღოს სასარგებლო საქმიანობაში.
ხშირად გვეკითხებიან: “როგორ გავხდე ილუმინატი?“, “რატომ უნდა გავხდე ორდენის წევრი?“, “რას ასწავლით ორდენში?“ და ა.შ. კანდიდატისთვის აუცილებელია ნდობა, მორჩილება, ერთგულება და მოთმინების უნარი. უნდა აღიარებდეს სიყვარულს, როგორც ყველაფრის ამოსავალ წერტილს. ჩვენ ყველა აპლიკანტთან ვდებთ ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომ ჩვენი საუბრის შესახებ ვერავინ ვერასდროს გაიგებს. გასაუბრების შემდეგ ის ან გადავა მომდევნო ეტაპზე, ან ვერ გადავა. ყველა საჭირო და აუცილებელი ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, როდესაც კანდიდატის ფიცში შემოსვლის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვიბარებთ ორდენში პირველ მუშაობაზე, სადაც ახალწვეული დებს საზეიმო ფიცს. ფიცის დადების შემდგომ ღრმად პატივცემული ორდენის და მისი ყოვლად ღირსეული მინერვალის მიერ ახალ წევრს ენიჭება საიდუმლო ფსევდონიმი, რომელიც გარდაცვალებამდე მიყვება მას. პირველ რიგში ყველას უნდა ესმოდეს, რომ თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ და აანალიზებდეთ, რატომ გსურთ ორდენში შემოსვლა და შემოსვლის მიზეზებს ჩვენს წარმომადგენლებს არ უნდა ეკითხებოდეთ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვასწავლით… ეს არ არის სკოლა ან უნივერსიტეტი, რომ “წესდებით გათვალისწინებული“ პროგრამა მოგცეთ ვინმემ და წლის ბოლოს ნიშნები დაგიწეროთ. ილუმინატების ორდენი არის სიტყვათა და ქმედებათა მეცნიერება, როგორც ასეთი. ჩვენ ისე ვექცევით სხვას, როგორც თავად ვისურვებდით, რომ მოგვქცეოდენენ სხვები და ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის ცხოვრების ერთერთი მთავარი პრინციპია. თითოეულ წევრს მოვუწოდებთ სამართლიანობისკენ, სიკეთისკენ, ურთიერთგაგებისკენ, თანაგრძნობისკენ, ვასწავლით გაჭირვებულთა დახმარებას, ადამიანებზე ზრუნვას, ვაძლიერებთ მის სწრაფვას განათლებისკენ და ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და ერთიანობაა. “ილუმინატების ორდენი“ არის ადგილი ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობის, ასევე საერთო ფასეულობების, ინტერესებისა და ცოდნის ერთობა. ეს არის გზა, თუ როგორ შეიძლება ვიცხოვროთ და-ძმური სიყვარულით გაერთიანებულებმა იმ მოცემულობაში, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენი ორდენი უნივერსალურია და ამიტომ აშინებს აბსოლუტიზმის მპყრობელებს. თითოეული ილუმინატი თავად წყვეტს, რა უნდა იცოდეს და რა – არა. საერთოდ ილუმინატისთვის მნიშვნელოვანია ის ცოდნა, რასაც თან დაურთავს საკუთარ მოღვაწეობას. აქ, ილუმინატების ორდენში, თავად ქმნით. ყველაფერს, რასაც უყურებთ, თავადვე ახდენთ მის პროექციას, თავადვე ქმნით და თავადვე ხედავთ. თქვენ თავადვე ხართ იმ დრამის განმკარგავი, რომელსაც თქვენივე ცხოვრებას უწოდებთ. თქვენვე ხართ დრამატურგი, მსახიობიც თქვენ ხართ… და საერთოდ ყველაფერი თქვენ ხართ, რაც მასში ხდება. პუბლიკაც კი თქვენ ხართ – სხვა არავინ. თქვენ უყურებთ, ქმნით, განაგებთ და თან მასში როლსაც თამაშობთ. ამგვარი მრავალმხრივი დამოკიდებულება ორდენში შინაგან თანამონაწილეობას ხდის შესაძლებელს, როდესაც მუდმივად ხორციელდება მორალური აზროვნებითი აქტი და სწორედ ორდენის ამგვარი აგებულება გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ არა მხოლოდ მისი ბრმად მომხმარებლები, არამედ მის მდინარებაში პირადად მივიღოთ მონაწილეობა.
თითოეული ილუმინატისთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა რამაა. ეს არის ადგილი ცოდნის გადაცემის მამიდან შვილზე; ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა; შვილი… ერთადერთი ჭეშმარიტი სასწაული დაბადებაა, სიცოცხლის უჭკნობი ყვავილი. მაშასადამე შემიძლია შემოგთავაზოთ მარტივი მათემატიკური ფორმულა 1+1=3 და ა.შ.
ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ადამიანი მიაღწევს თავისი ცხოვრების სასრულს, ერთადერთი, რასაც მისთვის ექნება მნიშვნელობა, სიყვარულია, რომელიც მან გასცა და მიიღო. ერთადერთი, რისი წაღებაც შეიძლება შემდეგ სამყაროში – სიყვარულია. ერთადერთი ღირებული რამ, რასაც დატოვებს ამ ცხოვრებაში – ეს სიყვარულია. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ საკუთარ შეცდომებზე, მათ გამოსწორებაზე, მუდმივად ვფიქრობთ, თუ როგორები გვინდა ვიყოთ და ვიწყებთ საკუთარ თავზე მუშაობას და ა.შ.
ჩვენ, ბუნებას, სამყაროს ისევე ვუფრთხილდებით, როგორც საკუთარ მშობლებს და ა.შ.
ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ქალებს, ვინაიდან მამაკაცის ყველაზე დიდი ძალა მოსიყვარულე ქალია. იგი არის მისი პატივი, მისი რწმენა, მისი ღირსება. ბუნების კანონების მიხედვით მას მინიჭებული აქვს ყველაზე წმინდა რამ – სიცოცხლის შექმნის უნარი და ა.შ.
ჩვენ ვთვლით, რომ ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, უპირობოდ უნდა დავიცვათ, ვინაიდან თუ ყველა ჩვენგანი ასე მოიქცევა, სხვებიც გამოგვყვებიან. ჩვენ ამ გზით შევქმნით ამაყ საზოგადოებას.
პატივისცემით,
“ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“ -ს წარმომადგენელი გიორგი მართალი