ქეთი მსხილაძე: შესაძლოა GDS-ის ჟურნალისტები გადმოიყვანონ აქეთ და ჩვენი თანამშრომლები გაუშვან

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე არ გამორიცხავს, რომ მაუწყებელზე, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები GDS-იდან გადმოსულმა ჟურნალისტებმა ჩაანაცვლონ.

ამის შესახებ მსხილაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ეს არის რეფორმის ყველაზე რადიკალური ვარიანტი, რომელსაც არ ვეთანხმები. მედიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ – პროსახელისუფლებო ტელევიზიების გაერთიანება, GDS-ზე საინფორმაციო გამოშვების დახურვა და იქაური ჟურნალისტური კორპუსის გამოთავისუფლება. არავის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელში გადმოიყვანონ და ადგილობრივი ჟურნალისტები გაუშვან.

ცხადია მე ამას ჰიპოთეტურად ვამბობ და არ ვამტკიცებ“, – განაცხადა მსხილაძემ.

ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა, რომელიც სამეურვეო საბჭომ უნდა დაამტკიცოს, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემის დროებით შეჩერებასა და თანამშრომლების ოპტიმიზაციას გულისხმობს, რომელიც 2018 წლამდე გაგრძელდება.

Comments
Loading...