ყოფილი სპეცრაზმელის მიმართ საქმე ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარების მუხლით აღიძრა

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი თანამშრომლის, ზაალ ლატარიას მიმართ გამოძიება 260 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მას გამოძიება ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-მოხმარებას ედავება. ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა რომ ზაალ ლატარია უარყოფს, რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალების შენახვა, მოხმარებას და მისი თქმით ბრალდებულს ეს განგებ მოუწყვეს.
„დღესაც დამიდასტურა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის არც მარიხუანა არ ქონია. რაც შეეხება მოხმარების ფაქტს, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არც ეგ არ იცის დაუდგინდა თუ არა. გადაიყვანეს ნარკოლოგიურში და არც ტესტი ანახეს და არც მსგავსი რაიმე, მაგრამ ის ამბობს,რომ მას მოტყუებით მოაწევინეს სიგარეტი, რაზეც იგრძნო სუნი მარიხუანის, გარკვეული სპეციფიური სუნი, რასაც გაბრუება მოჰყვა და ის ამბობს რომ მას ესეც მოუწყვეს და მოაწევინეს მარიხუანა“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ,რომ ზაალ ლატარია სამართალდამცავებმა სადგურ ოკრიბას მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, როდესაც ის ზუგდიდიდან ბრუნდებოდა. ოჯახის ინფორმაციით, ზაალ ლატარია 2013 წლამდე ძალოვან უწყებებში მუშაობდა, გათავისუფლების შემდეგ კი რვა თვის განმავლობაში უკრაინაში იბრძოდა და კვლავ აპირებდა წასვლას. ადვოკატების განმარტებით სწორედ ეს გახდა დაკავების მიზეზი.

Comments
Loading...