„ყველაფრის პირდაპირ ეთერში განხილვა ტემპერატურას წევს“ – პრეზიდენტი საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია.
გადაცემა „არჩევანში“ მან საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეკლესიას გამოძიებამ მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.
„ამ სტრუქტურას უჩნდება ინტერესი, რომ მაქსიმალურად ჰქონდეს მიწოდებული ინფორმაცია. ეკლესია უნდა იყოს ინფორმირებული ყველა დეტალის შესახებ. როდესაც ეკლესიის საკითხზე ხდება გამოძიება, ეკლესია სრულად უნდა იყოს ჩაყენებული საქმის კურსში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეკლესია არის არა უბრალოდ ერთ-ერთი ორგანიზაცია, არამედ კონტიტუციით განსაზღვრული კონფესიაა. მისი თქმით, შეხვედრაზე არა მარტო მამა გიორგი მამალაძის შესახებ, არამედ ეკლესიის წინაშე არსებული სირთულეების შესახებ მიმდინარეობდა მსჯელობა.
„ბევრი მსჯელობა იყო, თუმცა ამ შეხვედრის დეტალებზე დღეს არ უნდა ვისაუბრო. პატრიარქი ხელმძღვანელობდა ამ თათბირს. ეს იყო შეკრება, სადაც უმაღლესი იერარქები დიდი პატივისცემით გამოთქვამდნენ ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი აზრით, საზოგადოებამ საპატრიარქოს პრობლემების შიგნით განხილვა უნდა აცადოს.
„განა რამე დასამალია, უბრალოდ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა სინოდს, რომ ითათბიროს მშვიდ გარემოში და არა პირდაპირ ეთერში ამ საკითხებზე. ბევრ საკითხს ძალიან საინტერესო კუთხოთ შეეხნენ ჩვენი სინოდის წევრები. მე მინდა, მათ მივცე შესაძლებლობა და არ გამოვიტანო ეს თემები პირდაპირ ეთერში. განა იმიტომ, რომ რამე დასამალია, ყველაფრის პირდაპირ ეთერში განხილვა ტემპერატურას წევს. ყველა სტრუქტურას უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ისაუბროს თავის წიაღში და არ იყოს ეს განხილული პირდაპირ ეთერში, რადგან აქ ნათქვამი სიტყვა, ბუნებრივია, სხვა წონას იძენს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე, საპატრიარქოში დღეს დილიდან შეხვედრები იმართებოდა, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა.
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ უფლებადამცველები ნანა კაკაბაძე და ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.
უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერი ყველა სასულიერო პირმა მოისმინა და ყველა ერთ აზრზეა, რომ მამა გიორგიმ გამოძიების დასრულებამდე სასჯელაღსრულების დაწესებულება არ უნდა დატოვოს.
უწმინდესთან შეხვედრაზე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იმყოფებოდნენ.
დღის ბოლოს კი, შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერები კახა კალაძე და ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საქმის ერთ-ერთი მოწმე, ირმა ჭკადუა შეუერთდნენ, რომლებმაც საპატრიარქოს შენობა უკომენტაროდ დატოვეს.