ქიბარ ხალვაში: უახლოეს მომავალში „რუსთავი 2“-ში შევალთ, მაგრამ ეს ძალდატანებით არ იქნება
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ მიაკუთვნა, ტელეკომპანიაში შესვლას უახლოეს მომავალში აპირებს.
როგორც ხალვაშმა „იმედს“ განუცხადა, მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში შეიცვლება ის, რომ ტელევიზია ერთი პარტიის საკუთრებაში არ იქნება, ის კრიტიკული და სახალხო მედია გახდება.
„როდესაც სასამართლოს მივმართეთ, იმ დღიდან ველოდებით, რომ მოგვაკუთვნებდნენ. სიმართლეში დარწმუნებულნი ვიყავით. ტელეკომპანიაში შესვლის საკითხი, არ შეიძლება წლობით გაგრძელდეს. უახლოეს მომავალში „რუსთავი 2“-ში ალბათ შევალთ. მაგრამ ეს ძალდატანებით არ იქნება. ჩვენი შესვლით შეიცვლება ის, რომ ერთი პარტიის ტელევიზია არ იქნება, იქნება საქართველოს და ხალხის მედია. კრიტიკული ტელევიზია და არა პარტიული“, -განაცხადა ხალვაშმა.
ხალვაშის განმარტებით, ტელევიზიაში შესვლას ძალის გამოყენებით არ აპირებს, რადგანაც სახელმწიფოს მხრიდან უკანონო მოპყრობა საკუთარ თავზე გამოსცადეს.
„ძალის გამოყენებას არ ვაპირებთ, ეს სახელმწიფოს უპირისპირდება. ჩვენ, საკუთარ თავზე გვაქვს უკანონობა განცდილი. დაგვიწვეს, წაგვართვეს, ხალხი უმუშევარი დატოვეს. აღსრულების ფურცლის გარეშე შემოვიდნენ და ქონება გაზიდეს, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, იმიტომ, რომ სახელმწიფო ჩვენს წინააღმდეგ უკანონო იყო“,-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელია. განჩინების მიხედვით, „რუსთავი 2-ის” 60%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობილია ხალვაში, ხოლო 40% კი მის კუთვნილ შპს „პანორამას“ გადაეცა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა ყარამანიშვილების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
“უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება”, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.