ქმნის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ახალ პოლიტიკურ ძალას?!
ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა, თუმცა სავარაუდოდ დაბრუნდება და არცთუ ურიგოდ. ეს ვერსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ექსპრემიერმა ივანიშვილმა გადაცემა “2030”-ის ეთერში ირიბი მინიშნებები გააკეთა იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილს თუ სურვილი ექნება პარტიას შექმნის, მინიშნება ორაზროვანი იყო, ეს იყო ერთგვარი დაანონსება ახალი პოლიტიკური ძალის შექმნისა, რომელსაც შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილმა უხელმძღვანელოს, მაგრამ როდის, ეს ამ ეტაპზე უცნობია. ყოფილი პრემიერი დასვენებას გეგმავს, მაგრამ ის რომ ასე უხმაუროდ არ გაჩერდება პოლიტიკაში ესეც ნათელია. ივანიშვილის ინტერვიუმ ასე თუ ისე გააქარწყლა ხმები იმის შესახებაც, რომ მას და ღარიბაშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა. მან არც საქებარი სიტყვები არ დაიშურა მთავრობის ყოფილი მეთაურის მიმართ და ისიც განაცხადა, რომ მისი კარი ყოველთვის ღია იქნება. სამაგიეროდ კრიტიკა არ დაუშურებია პრეზიდენტის მიმართ, რომელიც სხვა ბრალდებასთან ერთად, ამჯერად სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, ლევან მურუსიძის საქმესთან დაკავშირებით მისი მხრიდან გაკეთებული შეფასება იყო პირდაპირი ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე. მან ასევე ისაუბრა შეწყალების საქმეზე აგორებულ სკანდალზეც და განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართულად მაღალ ნიშნულზე აწეული თემა, რომელსაც ალეკო ელისაშვილთან ერთად პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და “რუსთავი 2” მის ტირაჟირებას ახდენს. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ივანიშვილმა ისაუბრა მომავალი საარჩევნო სიებია. ექს-პრემიერი არ მალავს, რომ მის შედგენაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და მის გუნდს მთელი რესურსით დაეხმარება. “სიის შედგენაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებ. პროცესში აქტიურად ჩავერთვები და საკუთარ გუნდს მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები, რომ საზოგადოების საკუთარ ლიდერობაში დარწმუნება შეძლოს. ჩვენს მიერ დამკვიდრებულ ფასეულობებს გაღრმავება და გამაგრება სჭირდება. მთელმა საზოგადოებამ გაერთიანება და სწორი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოვახერხო” – განაცხადა ივანიშვილმა “2030”-ის ეთერში.