ქუმსიშვილი: მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება

მოგების გადასახადის რეფორმა კერძო ბიზნესში ყოველწლიურად, 500 მილიონი ლარის ლიკვიდობას შექმნის, რაც იმას ნიშნავს, ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, რეფორმის შედეგად, კერძო სექტორის ინვესტიციები იქნება წახალისებული. ის ხელს შეუწყობს საქართველოში, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის დაინტერესებას, ინვესტიცია საქართველოში განახორციელონ.

საქართველოში საინვესტიციო ვითარებაზე საუბრისას, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ 2014–2016 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ფინანსთა მინისტრმა მაგალითად 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემი მოიყვანა, რომლის თანახმადაც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 5%-ით არის გაზრდილი, წლის ბოლომდე კი, მისი მოცულობა 1.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

ქუმსიშვლის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ბიზნეს მეგობრული გარემოს გაუმჯობესება, რათა სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, რაც საბოლოო ჯამში, დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

Comments
Loading...