ქუმსიშვილი: როგორც კი თურქეთის შიგნით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება უსაფრთხო იქნება, საზღვარს გავხსნით

ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნა ოპერატიულ მუშაობასა და იმ მონაცემებზეა დამოკიდებული, რასაც ქვეყანა თურქეთიდან მიიღებს.

„როგორც კი საბოლოოდ მოხდება დადასტურება, რომ თურქეთის შიგნით გადაადგილება იქნება აბსოლუტურად დაზღვეული ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არ შეექმნებათ საფრთხე, რა თქმა უნდა, გავხსნით საზღვარს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაგებით მოეკიდონ ყველაფერს. ეს არის პირველ რიგში, ზრუნვა მათთვის, მათი უსაფრთხოებისთვის და ამიტომ არის მიღებული ეს ზომები“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის შიგნით ყველა შესაბამისი სტრუქტურაა მობილიზებული და გამართულად მუშაობს.

„მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ქვეყნის შიგნით ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული და მუშაობს გამართულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მეც მინდა დავადასტურო, რომ საზღვარზე, ამ წუთში, ჩვენი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა პირიქით გახსნილია. ჩვენ გვქონდა მოსაგვარებელი საკითხები რამდენიმე მიმართულებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერი კეთდება“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სტამბოლის აეროპორტში ქართველი მგზავრები იმყოფებიან, რომელთა გადმოყვანაც ავიაკომპანია „ატლას გლობალის“ სპეციალური რეისით, თურქეთის დროით, 16:20 საათზე მოხდება.

Comments
Loading...