რა არის ევროკავშირი? ევროპის კავშირის შექმნის ისტორია და წინაპირობა

ევროპის კავშირი (ინგლისურად – European Union, ფრანგულად – Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი – ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლისურად – European Community, ფრანგულად – Communauté européenne) ერქვა. მისი წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 3.892 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა – 455 მლნ. ერთობლივი ეროვნული პროდუქტისა და საგარეო ვაჭრობის მასშტაბებით ევროპის კავშირი წინ უსწრებს აშშ-სა და იაპონიას.


ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ევროკავშირის შექმნის წინაპირობა და განვილი გზა:



მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი – ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უშიშროება იყო.


დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.


1950 წლის 9 მაისის დეკლარაციით საფრანგეთის საგარეო მინისტრმა რობერტ შუმანმა და ფრანგმა დიპლომატმა ჟან მონემ შეიმუშავეს გეგმა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოების შექმნის შესახებ. ეს გახლდათ ისტორიული ინიციატივა ორგანიზებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროპის შესაქმნელად, რომელიც აუცილებელი იყო ცივილიზაციისთვის და ურომლისოდაც მსოფლიოში მშვიდობა ვერ შენარჩუნდებოდა. “შუმანის გეგმა” საბოლოოდ გახდა რეალობა და 1951 წლის 18 აპრილის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო ექვს დამფუძნებელ ქვეყანას შორის (ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი და ჰოლანდია) ჩამოყალიბდა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოება. საზოგადოებამ შემდგომი განვითარება ჰპოვა 1957 წლის 25 მარტის რომის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე შეიქმნა ევროპის ეკონომიკური საზოგადოება და ევროპის ატომური ენერგიის საზოგადოება. 1992 წლის 7 თებერვლის მაასტრიხტის ხელშეკრულებით დაიწყო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების, როგორც კონსტიტუციურ სისტემაში გარდაქმნის პროცესი. ამსტერდამისა და ნიცის 1999 წლის 1 მაისის ხელშეკრულებით კი საზოგადოება გაიზარდა 15-დან 27 წევრამდე.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დღევანდელი მონაცემებით:

ევროპის გაერთიანებისთვის უმნიშვნელოვანეს 2007 წლის 13 დეკემბრის ლისბონის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 27-მა წევრმა ქვეყანამ. ლისბონის ხელშეკრულება ემსხაურება ევროკავშირის უნარს იმოქმედოს როგორც გაერთიანების შიგნით ისე გარეთ და აამაღლოს დემოკრატიული კანონიერება და ზოგადად ევროკავშირის ქმედებების ეფექტურობა.ევროკავშირს გააჩნია საკუთარი დროშა, ჰიმნი და ლოზუნგი – “In varietate unitas” რაც ლათინურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც “გაერთიანებულნი მრავალფეროვნებაში”. ლისბონის ხელშეკრულება ასევე აერთიანებს ევროკავშირის სამ სვეტს ესენია:

1- საერთო ბაზრი და ევროპის კომისიის პოლიტიკა

2- საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა

3- პოლიციური და იურიდიული კოოპერაცია სისხლის სამართლის დანაშაულების საკითხებში

ევროკავშირის მთვარი ღირებულებებია:

ევროკავშირი, როგორც მშვიდობის გარანტია, ერთიანობა და თანასწორობა, ძირითადი თავისუფლებები ( გადაადგილების თავისუფლება, დაფუძნების თავისუფლება, სამსახურის გაწევის თავისუფლება და საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება), სოლიდარობის პრინციპი,ნაციონალური იდენტურობის პატივისცემა, თავდაცვის საჭიროება და ფუნდამენტური უფლებები (რომლებიც განმტკიცებულია ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციასა და სხვა საერთაშორისო კონვენციებში)

ევროკავშირს გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია და სტრუქტურა:

ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტებია : ევროპის პარლამენტი, ევროპის საბჭო, ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო

ევროპის პარლამენტი


ევროპის პარლამენტი ირჩევა 5 წელიწადში ერთხელ ევროკავშირის ხალხის მიერ მისი ინტერესების წარსადგენად. ევროპარლამენტის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს ევროპული კანონების მიღება ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. ევროპარლამენტი პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს. პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად. პარლამენტის მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი ბრიუსელში (ბელგია).

ევროპის საბჭო


იგი შედგება წევრი ქვეყნების მთავრობისა ან სახელმწიფოს ხელმძღვანელებისგან მის პრეზიდენტსა და კომისიის პრეზიდენტთან ერთად. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ევროპის საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არა აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო იკრიბება ყოველ ექვს თვეში ორჯერ, მისი პრეზიდენტის მოწვევით. თუ სიტუაცია მოითხოვს, პრეზიდენტი სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ვადას ორნახევარი წელი წარმოადგენს, ერთჯერადი განახლებით. ევროპის საბჭო ჩვეულებრივ ბრიუსელში იკრიბება.

ევროკავშირის საბჭო


ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გადაწყვეტილებების ძირითადი მიმღები ორგანოა. იგი იზიარებს პასუხისმგებლობას ევროპის პარლამენტთან ევროკავშირის კანონების მიღებაზე. ევროკავშირის საბჭო შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისგან. ყოველ საბჭოს შეხვედრას თითოეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ესწრება განსახილველ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრი. სხვადასხვა წევრი სახელმწიფო 6 თვიანი პერიოდით მონაცვლეობით იკავებს საბჭოს პრეზიდენტობას, თავმჯდომარეობას უწევს ამ შეხვედრებს და ადგენს საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგს. მონაცვლეობითი პრეზიდენტობა არ ეხება საგარეო საქმეთა საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

ევროკომისია


ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალ ევროპულ კანონების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს. იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია ასევე გამოდის “ხელშეკრულებათა დამცველის” როლში, რომელიც აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულებას. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართებით ზომები მიიღოს და საჭიროების შემთხვევაში ევროპის სასამართლოს მიმართოს. კომისია 28 კომისრისგან შედგება– თითოეული წარმოადგენს ერთ ევროკავშირის ქვეყანას. კომისიის პრეზიდენტი არჩეულია ევროკავშირის 28 მთავრობის მიერ და დამტკიცებულია ევროპის პარლამენტის მიერ. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე და ევროპის პარლამენტის მიერ მტკიცდებიან. ისინი არ წარმოადგენენ თავისი ქვეყნების მთავრობებს. ამის ნაცვლად, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი ხუთი წლის ვადით ინიშნება.

ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო


ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, მდებარეობს ლუქსემბურგში, შედგება 27 მოსამართლისა და 8 გენერალური ადვოკატისაგან, რომლებიც ინიშნებიან წევრ სახელმწიფოთა შეთანხმების საფუძველზე 6 წლის ვადით. სასამართლოს ფუქციაა, უზრუნველყოს თანამეგობრობის აქტების ინტერპრეტაცია და განხორციელება სადამფუძნებლო ხელშეკრულებათა შესაბამისად.

ევროპულ თანაბეგობრობათა სასამართლო ერთადერთი ორგანოა, რომელსაც უფლება აქვს, გამოიტანოს დასკვნა თანამეგობრობის კანონმდებლობის სწორი ინტერპრეტაციის თაობაზე. სასამართლო იღებს და იხილავს შემდეგი ტიპის სარჩელებს:

სარჩელი ქვეყნის მიერ თანამეგობრობის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ;
სარჩელი თანამეგობრობის აქტის ბათილობის შესახებ;
სარჩელი თანამეგობრობის რომელიმე ორგანოს უმოქმედობის შესახებ;
სარჩელი ზიანის მიყენების შესახებ;

ეროვნული სასამართლოს მოთხოვნა თანამეგობრობის კანონმდებლობის ნორმის ინტერპრეტაციის თაობაზე.
ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო უშუალოდ იხილავს მხოლოდ იმ სარჩელებს, რომელიც ევროკომისიის ან წევრ–სახელმწიფოთა მიერ არის შეტანილი. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ სარჩელები თანამეგობრობის აქტის ბათილობის, თანამეგობრობის ორგანოს უმოქმედობის და ზიანის ანაზღაურების შესახებ თანამეგობრობათა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებათა გასაჩივრება ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოში შეიძლება. თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სურს დააყენოს საკითხი წევრი–ქვეყნის მიერ თანამეგობრობის კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე, მას შეუძლია მიმართოს ევროკომისიას, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს ფაქტები, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს ქვეყანას ვადა მათ გამოსასწორებლად და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა აღძრას საქმე თანამეგობრობათა სასამართლოში.


დღეისთვის ევროკავშირში გაწევრაინებულია 28 ქვეყანა, მათ შორის ხორვატია, რომლის კავშირში მიღება განხორციელდა 2013 წლის 1 ივნისს. ევროპის მოსახლეობა შეადგენს 474 მილიონს და ეს ისტორიული გაფართოება ემსახურება ევროპის გაერთიანებას, რომელიც დაახლოებით ნახევარ საუკუნეზე მეტი გაყოფილი იყო “რკინის ფარდით” და ცივი ომით

Comments
Loading...