რა გახდა ბათუმში ფსიქიკური პრობლემების მქონე დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი – ფაქტები და ვერსიები

ბათუმში, ინასარიძის 14 გარდაცვლილები გვიან ღამით, პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა 75 წლის დედისა და 50 წლამდე შვილის გარდაცვალების რეალური მიზეზით.
მეზობლები და ნათესავები გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ.

ნაწილი დედა-შვილის გარდაცვალებას ძლიერ ყინვას და ელექტროენერგიის არქონას ასახელებს, მეორე ვერსიით, 75 წლის ქალბატონი მძიმედ ავადმყოფობდა.

“რომ ჩართეს შუქი პლიტა ჩაირთო, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ მოვუტანეთ. გაყინულები არ არიან. ჩემი ვერსია არის, რომ დიდი ხნის ავადმყოფი იყო ეს ბიჭი და რომ გარდაიცვალა დედამისი წამოდგა და კარებთან წაიქცა,”-აცხადებს გარდაცვლილების ერთ-ერთი ნათესავი ნუნუ ჩხაიძე.

მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და სამივე წევრს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა. შემთხვევის დროს ოჯახის კიდევ ერთი წევრი, საავადმყოფოში იმყოფებოდა.

“გავიგეთ, რომ მეხუთე სადარბაზოში, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა მოხდა ეს საზარელი ფაქტი. ქალბატონს ორი სულიერად ავადმყოფი შვილი ჰყავდა. თვითონ კი ლოგინად იყო ჩავარდნილი. რომ არ გამოჩნდა, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, მაშველებმა კარის შემტვრევის შემდეგ, ორი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს, პოლიციამ შვილი საწოლში ნახა, დედა კი – კარებთან ” – აცხადებს მეზობელი.

ინასარიძის 14 ნომერში მცხოვრებლები გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილების მიზეზი გაზის გაჟონვა ყოფილიყო, რადგან, ოჯახი ბუნებრივი აირით არ სარგებლობდა.

ფაქტს, რომ გარდაცვლილებს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა ადასტურებს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

“ამ ოჯახს ვიცნობდი, მის სამივე წევრს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა და პერიოდულად ისინი კლინიკაში თავსდებოდნენ. ამჯერად გარდაცვლილის ძმა კლინიკაშია. რაც შეეხება დედა-შვილს, პირველადი დაკვირვებით, ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან”- განაცხადა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

წყარო

Comments
Loading...