რა მოსწონთ საქართველოში აქ მცხოვრებ უცხოელებს

საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2015 წელს ქვეყანაში 92 560 იმიგრანტია რეგისტრირებული. მათგან 4 046 ადამიანი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდანაა. იმიგრანტების დასაქმების აღრიცხვა სათანადოდ არ ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის დასაქმების მაჩვენებელმა 5 578 კაცი შეადგინა. მათ მიერ ყველაზე ხშირად დაკავებული პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა:

მშენებლობა — 1714 ადამიანი

ვაჭრობა — 1468 ადამიანი

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა — 501 ადამიანი

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა — 471 ადამიანი

სასტუმროები და რესტორნები — 460 ადამიანი

განათლება — 192 ადამიანი.

საინტერესოა, რას გრძნობენ ან რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოდიან. ან რა ფაქტორები განაპირობებენ გადაწყვეტილებას, რომ შენს ახალ სამშობლოდ საქართველო აირჩიო? Allnews.ge ამ საკითხებით დაინტერესდა და პასუხების მისაღებად საქართველოში მცხოვრებ რამდენიმე უცხოელს ესაბურა.

ზოე პერე, 33 წლის: “2006 წელს საფრანგეთში კავკასიის ხალხთა ფესტივალი იყო და იქ გავიცანი საქართველო. იმ პერიოდში ეთნომუსიკოლოგიაზე ვსწავლობდი და ქართული მრავალხმიანობა ჩემთვის უკვე ცნობილი იყო. იმ წელსვე ჩამოვედი საქართველოში და ერთი წლით დარჩენა გადავწყვიტე. მას შემდეგ კიდევ ერთ წელს ვამატებ ხოლმე და აი უკევ ათი წელია საქართველოში ვარ.

ფრანგი გოგონას ქართული ბიზნესი – ზოე საქართველოსა და ქართველებზე

ბევრი რამ მაკავშირებს საქართველოსთან. ქართულ ხალხურ ანსამბლ “იალონში” ვმღერი და უკვე 2 წელზე მეტია, მაქვს ჩემი ბარი “ზოესთან”. უპირველესად, სიმღერის გამო დავრჩი საქართველოში და ეს ბარიც ამიტომ გავხსენი. მინდოდა, საზოგადოებისთვის ქართული ხალხური მუსიკა არატრადიციულ გარემოში მიმეწოდებინა. ქვეყანაში ბევრი სტერეოტიპია და მინდა ეს შეიცვალოს.

ვისურვებდი, უმცირესობები მეტად მიღებულები იყვნენ ფართო საზოგადოებაში. თუმცა ქვეყანა ძალიან კულტურულია და ბევრი ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს.

სამწუხაროდ, თაობები საფრანგეთში ძალიან გაყოფილია. საქართველოში კი ასე არაა, ქართველები მეტად ხელგაშლილები არიან და დახმარებისთვის ყოველთვის მზად არიან. თუმცა, მათ საკუთარი თვისებების გადაჭარბებით შეფასება და სხვების არდაფასება უყვართ. ეს ნამდვილად არ მომწონს და მინდა საკუთართან ერთად, სხვების დაფასებაც იცოდნენ.

ბიზნესის კეთებაც ძალიან მარტივია ქვეყანაში.

პროცედურების უმეტესობა ელექტრონულია. საფრანგეთში ელექტრონული სერვისები ამ დონეზე ნამდვილად არაა განვითარებული. საქართველოში ჩამომსველებს ვურჩევ, რომ აუცილებლად ისწავლონ ქართული ენა. ასევე, გაითვალისწინონ, რომ ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს და სიურპრიზებისთვის მზად იყვნენ.”

დარია ხოლოდილინა, 27 წლის: “დონეცკში, უკრაინაში მივიღე განათლება, შემდეგ კი იზმირში, ბერლინსა და ბონში ვცხოვრობდი. საბოლოოდ საქართველოში დასახლება გადავწყვიტე. აქ პირველად 2012 წელს ჩამოვედი ერთი კვირით. ბერლინში გაცნობილ მეგობრებს ვესტუმრე. შემდეგ 2013 წელს ივნისსა და აგვისტოში ჩამოვედი. საბოლოოდ კი 2013 წლის ნოემბერში გადმოვედი.

2014 წლის მარტიდან საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ასოციაციაში ვმუშაობ. მანამდე სტაჟიორი ვიყავი. 2016 წელს GEM Fest–ის ოგანიზატორთა ჯგუფშიც ვიყავი. ამან ძალიან კარგი გამოცდილება მომცა.

საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტე, რადგან ძალიან მომეწონა გარემო, თავისუფლება, რომელიც ნებისმიერი რამის გაკეთების საშუალებას გაძლევს. ქვეყანაში პერსპექტივაა, რომელიც გარემოს, ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ძალიან მომწონს ბუნება და არ მომწონს ის ხალხი, ვინც ამ ბუნებას აზიანებს. ასევე, არ მომწონს ის ხალხი, ვინც თვრება და ამბობს რომ ამას ქვეყნისთვის აკეთებს. ზოგადად, ხალხი ძალიან მარტივად საურთიერთობო და გულწრფელია. იმედი მაქვს, მალე გააცნობიერებენ, რომ აურზაური და გარემოს დაბინძურება ცუდია.

უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, ვურჩევ მოემზადონ, რომ ბევრის ჭამა, დალევა და მანქანის მართვა მოუწევთ. ან ფეხით უნდა იარონ ბევრი. იცოდნენ, რომ ბიზნესის რეგისტრაცია მარტივია, მაგრამ ამ ბიზნესის წარმატებით ოპერირებისთვის საჭიროა, რომ ქართული ენა ესმოდეთ ან სანდო ქართველი პარტნიორი ჰყავდეთ. ასევე, გაითვალისწინონ, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში მაღალია.

წყარო: allnews

Comments
Loading...