რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის

ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

ინიციატივის ძალაში შესვლამდე, ის ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.

ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლას მრავალჯერადად შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს. უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის საქართველოს მოქალაქე პირველ რიგში, ბიომეტრიულ პასპორტს უნდა ფლობდეს.

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას ნახევარი წლის განმავლობაში არაუმეტეს 90 დღისა შეძლებენ.

ამ წესის დარღვევამ შესაძლოა, მათი შენგენის საინფორმაციო სისტემაში შეყვანა და ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვა გამოიწვიოს.

უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების უფლებას არ იძლევა. მუშაობის დაწყებისთვის საჭიროა, აუცილებელი ნებართვის აღება. დასაქმების მიზნით, მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუშაობას 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ აპირებენ.

სწავლის შემთხვევაში, თუ საუბარია 90 დღემდე ხანმოკლე კურსებზე, ვიზის გაფორმება და სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის. თუ სწავლის ვადა 3 თვეს აღემატება, უმჯობესია, მიმართოთ იმ ქვეყნის საელჩოსა და საკონსულოს, სადაც სწავლას აპირებთ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში წესები განსხვავებულია. შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთისას, შესაძლოა, ბიომეტრიული პასპორტიც იყოს საკმარისი, მაგრამ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, გთხოვოთ, დაადასტუროთ მგზავრობის მიზანი და პირობები, ასევე, დაამტკიცოთ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნისთვის და უკან დაბრუნებისთვის საკმარისი თანხა გაქვთ. კერძოდ, გადახდისუნარიანობის დასამტკიცებლად შეიძლება, დაგჭირდეთ საგზაო ჩეკების წარდგენა, დაამტკიცოთ სასტუმროს დაჯავშნა, წარადგინოთ ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათზე თანხაც კი. მოთხოვნადი თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რომელ ქვეყანაში ჩადიხართ და რამდენი ხნით. თუ ნათესავების ან ახლობლების სანახავად მიდიხართ, უნდა გქონდეთ მოწვევა, ამ ადამიანის მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ მგზავრობის მიზანი საქმიან ან სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობაა, სასურველია, გქონდეთ შესაბამისი მოწვევა. მგზავრობის სამედიცინო დაზღვევა აუცილებელი არ არის, მაგრამ, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების საკონსულოები მოლდოვის მოქალაქეებს დოკუმენტის გაფორმებას მაინც ურჩევენ. ეს ეხება უკან დასაბრუნებელ ბილეთსაც. საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ, საკონსულოებს ვიზებისთვის მიმართონ, გადაიხადონ თანხა და გაფორმებას დაელოდონ.

დაახლოებით, როდის შეძლებს საქართველოს მოქალაქე პირველად, შენგენის ზონაში უვიზოდ ჩასვლას, ევროკავშირის ელჩის განმარტებით, ეს დამოკიდებული იქნება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ევროპარლამენტზე. მოლდოვას, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად 4-5 თვე დასჭირდა. საქართველოს შემთხვევაში, ეს პერიოდი შესაძლოა, ნაკლებიც იყოს. მისი თქმით, თუ ევროპარლამენტიც და ევროკავშირის საბჭოც დაეთანხმება ევროკომისიის შეთავაზებას, ჩაითვლება, რომ ეს პროცესი დასრულდა.

წყარო:pia.ge
ნინო ცაბოლოვი

Comments
Loading...