რას წარმოადგენდა “ინკვიზიცია”
XV საუკუნის ბოლოსთვის არაგონისა და კასტილიის სამეფოთა გაერთიანებით დასრულდა ერთიანი მძლავრი ესპანური მონარქიის ჩამოყალიბება. კათოლიკე მონარქებმა ფერდინანდმა და ისაბელმა თავიანთი ძალაუფლება განავრცეს თითქმის მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე და მუსლიმთა უკანასკნელი სამყოფლის, გრანადის ციხესიმაგრის აღებით დაასრულეს ესპანეთის გაერთიანება და მუსლიმთა ბატონობა იბერიის ნახევარკუნძულზე.
ესპანეთში, როგორც სხვაგან ევროპაში, კათოლიკური ეკლესია მონარქიის იდეოლოგიურ საყრდენად გადაიქცა. ეს ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა რომის წმინდა ტახტისადმი ერთგულებითა და რელიგიური ფანატიზმით, რაც გასაგებია, რადგან ესპანეთს მუდმივად უწევდა ბრძოლა ისლამური სამყაროს წინააღმდეგ, მტკიცედ ებღაუჭებოდა ქრისტიანულ რწმენას.
შუა საუკუნეებში ინკვიზიცია რომაული ეკლესიის ხელში გადაიქცა მძლავრ იარაღად იმათ წინააღმდეგ, ვინც რომის ტახტის ძლიერებას არ ურიგდებოდნენ. ინკვიზიციის ისტორია XII საუკუნიდან იწყება, თუმცა ეკლესიისა და ძალაუფლებისგან ერეტიკოსთა გასამართლების შემთხვევები, რა თქმა უნდა, მანამდეც გვხვდება როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში.
თვით სიტყვა ინკვიზიცია (ინქუისიტიო) ლათინურია და ნიშნავს გამოძიებას. პირველი ინკვიზიციური ტრიბუნალი შექმნა ინოკენტი III-მ, რომის პაპმა, 1215 წელს. სამხრეთ საფრანგეთში პირველი ასეთი ტრიბუნალი 1229 წელს დაარსდა პაპ გრიგოლ IX-ის მიერ. ინკვიზიტორები იკვლევდნენ სხვადასხვა ერესში ბრალდებულთა საქმეებს. საქმის წარმოებას თავისი მეთოდიკა გააჩნდა. ბრალდებული იკითხებოდა ორი მოწმის, მდივნისა და მღვდლის თანდასწრებით, თუკი მის ბრალდებას გამოააშკარავებდნენ (და როგორც წესი, ბრალდებულის “დანაშაული” აშკარავდებოდა), ერეტიკოსი გადაჰყავდათ საპყრობილეში, სადაც იწყებოდა მისი ხელახალი დაკითხვა. ბრალდებულის უკეთ ასალაპარაკებლად იყენებდნენ წამებას. თუკი “ეჭვმიტანილი” აღიარებდა “დანაშაულს”, მას ეპიტიმიას დაადებდნენ, სიკვდილს სხვა სასჯელით შეუცვლიდნენ, თუ ბრალდებული გაჯიუტდებოდა, მას გადასცემდნენ სასამართლოს, რომელსაც ერეტიკოსისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოჰქონდა. მთავარია, სისხლი არ დაღვრილიყო (ინკვიზიტორები “ერიდებოდნენ” სისხლის ღვრას), ამიტომ “დამნაშავეს” ან ახრჩობდნენ ან წვავდნენ (ინკვიზიტორების აზრით, ეს უფრო ჰუმანური იყო).
ინკვიზიციის ისტორია სამ პერიოდად იყოფა. პირველად ითვლება ის დრო, სანამ ტულუზის კრებაზე (1229 წ.) დომინიკანელები ხელში ჩაიგდებდნენ ინკვიზიციის ხელმძღვანელობას; მეორეა დომინიკანელთა პერიოდი (XIII-XV სს.) და მესამე – ესპანური ინკვიზიცია, რომელიც სათავეს 1478 წლიდან იღებს. ამ წელს მეფე ფერდინანდმა და დედოფალმა ისაბელმა პაპის ლოცვა-კურთხევით ესპანეთში შექმნეს ადგილობრივი ინკვიზიტორული ტრიბუნალი.
ესპანეთში ინკვიზიტორთა საქმიანობისთვის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა. იბერიის ნახევარკუნძულის ქრისტიანული სამეფოები საუკუნეთა განმავლობაში იბრძოდნენ ქრისტიანული რწმენის შენარჩუნებისთვის. ებრძოდნენ ისლამურ გარემოცვას. ახლა კი, მუსლიმთაგან თავდახსნილ ქრისტიანთა რწმენას განწმენდა და განმტკიცება ესაჭიროებოდა.
დროთა განმავლობაში ინკვიზიციის ტრიბუნალები გამრავლდა (მაგალითად, 1480 წელს დაარსდა სევილიაში), თანდათან გართულდა მათი სტრუქტურაც. თავდაპირველად ტრიბუნალი შედგებოდა ორი იურისტისა და მეფის სამი მრჩევლისგან, შემდეგ ტრიბუნალის წევრთა რიცხვი გაიზარდა. ოთხი (შემდეგში ათი) ადგილობრივი ტრიბუნალის გარდა დაარსდა ცენტრალური ინკვიზიციური საბჭო.
ესპანური ინკვიზიციის ისტორიაში ყველაზე დიდი კვალი დატოვა “დიდმა ინკვიზიტორმა” თომას დე ტორკვემადამ. იგი დიდ ინკვიზიტორად დაინიშნა 1481 წელს. 1484 წელს ტორკვემადამ ყველა ადგილობრივი ტრიბუნალის კრება მოიწვია. კრებაზე შეიმუშავეს ინკვიზიტორთა კოდექსი, რომელიც თავდაპირველად 28 დებულებისგან შედგებოდა. შემდეგ დაემატა კიდევ 11 დებულება.
მწვალებლების გარდა, ტორკვემადა სასტიკად დევნიდა ებრაელებსა და მავრებს (ჩრდილოეთაფრიკელ მუსლიმებს). 1492 წელს დაიწყო ებრაელთა მასობრივი დევნა. ესპანელ ებრაელებს მოსთხოვეს კათოლიკობის მიღება. მათ უვარდებოდნენ სახლებში,
აიძულებდნენ იუდაიზმზე უარის თქმას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ. მრავალი ებრაელი გაიქცა. ბევრმაც გარეგნულად მიიღო ქრისტიანობა, თუმცა ფარულად ისევ თავის რჯულს აღიარებდა.
არანაკლები სისასტიკით ექცეოდა ტორკვემადა მავრებს, მიუხედავად იმისა, რომ 1492 წელს დადებული ხელშეკრულებით მათ ისლამის თავისუფლად აღიარების უფლება ჰქონდათ. ქრისტიანობაზე მოქცეულ მავრებს მაინც ეჭვის თვალით უცქერდნენ. 1502 წელს მავრებს კატეგორიული ულტიმატუმი წაუყენეს – ან კათოლიკობა, ან სიკვდილი! ვინც მოასწრო, გაიქცა, დანარჩენების უმრავლესობამ ქრისტიანობა მიიღო.
1481-1498 წლებში ტორკვემადას “მოღვაწეობის” შედეგად დაწვეს 8800 ადამიანი, 90000-ს წაართვეს ქონება, 6500 გაქცეულის პორტრეტი ან სხვა სახის გამოსახულება დაწვეს (გული ამით იჯერეს).
რასაკვირველია, ინკვიზიციას ესპანეთში ყველგან ერთნაირი სიმპათიით არ ხვდებოდნენ. მაგალითად, კასტილიაში ფანატიკოსთა ბრბო უდიდესი აღტაცებით უყურებდა ერეტიკოსთა კოცონზე დაწვას. ამით ერთობოდნენ, არაგონში კი ინკვიზიტორთა საქმიანობამ უკმაყოფილება გამოიწვია. აქ ინკვიზიტორი პედრო არბეუსი ეკლესიაში მოკლეს, მიუხედავად ამისა, ესპანეთის კათოლიკური ეკლესიის ძლიერებას წინ ვერავინ დაუდგებოდა. თომას დე ტორკვემადამ და მისმა მოწაფეებმა შეძლეს ესპანეთში რელიგიური ერთობის მიღწევა და კათოლიკური ეკლესიის ძლიერების განმტკიცება.
ესპანეთის გავლენით ინკვიზიციური ტრიბუნალები დაარსდა პორტუგალიაში (1536 წელს), საიდანაც ოსტინდოეთის პორტუგალიურ კოლონიებში გავრცელდა.
ინკვიზიცია მძვინვარებდა XVI საუკუნეში. მას შესანიშნავად იყენებდნენ ესპანელი მეფეები კარლოს I და ფილიპე II. წმინდა ინკვიზიციამ 1559 წელი უამრავი პროტესტანტის დაწვით აღნიშნა. 1570 წლის მორისკების (მავრების შთამომავლები ესპანეთში) აჯანყების ჩახშობის შემდეგ ინკვიზიციურმა ტრიბუნალებმა უამრავი “რჯულისგან განდგომილი” დაწვეს. კარლოს I და ფილიპე II ყოველმხრივ უჭერდნენ მხარს ესპანურ ინკვიზიციას, რადგან მასში ხედავდნენ სარწმუნოების სიმტკიცისა და სიწმინდის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებას. ინკვიზიცია ძალას ინარჩუნებდა XVII საუკუნის დასაწყისშიც (როდესაც კიდევ ერთხელ მოაწყვეს მორისკების მასობრივი დევნა და სიკვდილით დასჯა).
XVII საუკუნის მეორე ნახევარსა და XVIII საუკუნეში ინკვიზიციის მოგიზგიზე კოცონები მინავლდა. ამ დროის განმავლობაში წელიწადში ორ ან სამ ერეტიკოსს თუ დაწვავდნენ.
ინკვიზიტორი ტრიბუნალები ესპანეთში გააუქმა ნაპოლეონ ბონაპარტეს ძმამ, ჟოზეფ ბონაპარტემ 1808 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით, თუმცა ინკვიზიცია აღდგა ფერდინანდ VII-ის შემწეობით 1814 წელს და ისევ გაუქმდა 1820 წელს. XIX საუკუნის 20-იან წლებში ესპანურმა ინკვიზიციამ კვლავ იმძლავრა.
ესპანური ინკვიზიცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა (რასაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისი მიზეზები აქვს). 1481-1809 წლებში მისი მსხვერპლი გახდა 341 021 კაცი, აქედან 31 912 ცოცხლად დაწვეს. საუკუნეთა განმავლობაში ინკვიზიცია ესპანეთის თვითმპყრობელური სამეფო ხელისუფლებისა და კათოლიკური ეკლესიის დასაყრდენსა და იარაღს წარმოადგენდა.
კათოლიკური ეკლესიის ეს მძლავრი სადამსჯელო ორგანო
ესპანეთში საბოლოოდ 1834 წელს გაუქმდა.