რას უკავშირდება პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა?
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით თავისი ვერსია აქვს სამართლის პროფესორს, დავით ზირაქიშვილს:
„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკავშირდება. ბოლო პერიოდში ჩვენ ხშირად გვესმის რუსეთის მაღალი ეშელონებიდან ხმაურიანი განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები მეტ-ნაკლებად დათბა. მაგრამ თუ დღევანდელი მთავრობის შემადგენლობას გადავხედავთ და უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დავინახავთ, რომ დაკომპლექტებულია ამერიკაში და ნატოს წევრ ქვეყნებში მომზადებული კადრებით, რომლებიც ამავდროულად მათი ინტერესების ლობისტებად ითვლებიან საქართველოში. ერთადერთი პიროვნება, ვინც დამოუკიდებლად, ამერიკის საელჩოს მითითების გარეშე მოქმედებდა, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი. თამამად ვაცხადებ, პრემიერი ყოველთვის მოქმედებდა ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მავანთ, მის ძირითად ნაკლად მიაჩნდათ და ხისტ მმართველს უწოდებდნენ“.
როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ მიიღო ასე ნაჩქარევად გადაწყვეტილება?
„გეთანხმებით, რომ მართლაც ნაჩქარევი იყო მისი გადაწყვეტილება. ორი-სამი დღის წინ ამ თემაზე არაფერი გახმოვანებულა, მისი ხელისუფლებაში ყოფნა არ აწყობდათ იმ შიდა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მოქმედებენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგების წინააღმდეგ… საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზრის გახსნა ღარიბაშვილის დამსახურებით მოხდა, რომელიც საქართველოს დიდ სიკეთეს მოუტანს. პუტინის ესოდენ თბილი და მრავლისმთქმელი მესიჯებიც გავიხსენოთ, იქნებ, საზოგადოებამ დაგვისახელოს მსგავსი რკინის ფარდის გარღვევა… ასეთს ვერ იპოვით… იქნებ, ასეთი პიროვნება ხიდაშელია?.. თავისუფლება უფრო ღირებულია, ვიდრე სავიზო რეჟიმი, მაგრამ რუსეთზე შური არ უნდა ვიძიოთ, ამით მეტს მოვიგებთ“.
კიდევ რა გახსენდებათ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობიდან, რაც წარმატებული იყო?
„ის შს მინისტრად დანიშვნისთანავე ყველანაირად ცდილობდა ხელისუფლების ერთ-ერთი სამარცხვინო საქმიანობისგან, რასაც იპოთეკური სესხი და მასთან დაკავშირებით უკანონოდ გამოსახლება ჰქვია, პოლიცია ჩამოეშორებინა და ავადსახსენებელი 747-ე ბრძანების გაუქმებას მოითხოვდა. მან პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, მაგრამ არ დაამტკიცეს. ბევრს ეცადა, ამ ნორმატიული აქტი შეძლებისდაგვარად კონსტიტუციურ ჩარჩოში მოექცია, რომლის ნათელი დადასტურებაა მის მიერ გამოცემული 184-ე ბრძანება, რომლის მიხედვითაც იძულებითი გამოსახლება არ გავრცელდებოდა იმ კატეგორიის საქმეებზე, რომელსაც გამოძიება და სასამართლო იხილავდა. ღარიბაშვილის გადადგომა დააჩქარა იმან, რომ ორ-სამ თვეში საერთოდ გაუქმდება სავიზო რეჟიმი, ამერიკას არ აწყობს ამ ურთიერთობების აღდგენა და რუსეთთან კარგი მეზობლობა, ამ სიტუაციაში ღარიბაშვილი ლიდერი იყო. ღარიბაშვილი გაუშვა იმან, ვინც თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დაგვინიშნა“.
მის შეცდომებზე რას იტყოდით?
„მისი შეცდომა იყო ნეპოტიზმი, ჯანყარაშვილის შემთხვევა, მისი გაურკვეველი დამოკიდებულება იუსტიციის საბჭოს მდივანთან, ლევან მურუსიძესთან. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურება… და ყველაზე მთავარი, მისი მმართველობის პერიოდში არ იყო ისეთი თანამდებობის პირი, რომელსაც შეეძლო მოქალაქის მიღება, მოესმინა მისი გულისტკივილისთვის და ხელისუფლებისგან პასუხი მიეღო. მაქსიმალურად დისტანცირებული გახდა ხელისუფლება ხალხისგან“.
წყარო: „კვირის ქრონიკა“