რატიანი: სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და მისმა ქმედებამ ჩვენი ჯარისკაცი პატიმრობაში დაუცველი დატოვა

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა, რომლის ქმედებამ ქართველი ჯარისკაცი პატიმრობაში დაუცველი დატოვა.

ამის შესახებ მან კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 3 თებერვლამდე პატიმრობაში რჩება.

„პარადოქსული ვითარებაა, როდესაც ოპოზიცია, კერძოდ ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ჯარისკაცის გასათავისუფლებლად, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო არ ზრუნავს ამისთვის და არ უფრთხილდება იმას, რომ საკუთარი ჯარისკაცი მტერ ქვეყანას არ გადაეცეს. სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და მისმა ქმედებამ ჩვენი ჯარისკაცი პატიმრობაში დაუცველი დატოვა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ სახელმწიფო ზრუნავს და მოითხოვს ამ ადამიანის გათავისუფლებას, რასაც თავად ვერ ხედავს.

„როდესაც ხელი მოვაწერეთ თავდებობის წერილს, იგივე არ გააკეთეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა. ეს ნიშნავს, რომ გია ცერცვაძის პატიმრობა მათთვის პირველი რიგის საკითხი არ არის“, – აღნიშნავს სერგო რატიანი.

უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სხდომა შესაბამისი მასალების არარსებობის გამო, 3 თებერვლამდე გადაიდო.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

Comments
Loading...