როდიდან ამოქმედდება ტაქსების ლიცენზირება? – მერია სპეციალურ დოკუმენტს ამუშავებს
რიცხვი, რომელიც ზუსტად გვიჩვენებს, რამდენი ტაქსი მოძრაობს ქალაქში, ჯერჯერობით დაუდგენელია. მხოლოდ მიახლოებით ციფრებზე შეიძლება საუბარი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში 30 000-დან 40 000-მდე ტაქსი მოძრაობს. იმის გამო, რომ ბაზარი დაურეგულირებელია, ნებისმიერს, რომელიც ავტომობილს ტაქსის ტრაფარეტს დაადგამს, შეუძლია, იმუშაოს და კლიენტების მომსახურებით ყოველდღიური შემოსავალიც შექმნას. არავინ ამოწმებს, რამდენად ხარისხიანია მომსახურება, არის თუ არა ფასი მომსახურების ადეკვატური და ყველაზე მნიშვნელოვანი, გამართულია თუ არა მანქანა ტექნიკურად.
უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი ბაზრის რეგულირების შესახებ და ამ მიმართულებით, ტაქსების ლიცენზირების შემოღებასთან დაკავშირებით. თბილისის მერიაში მუშავდება დოკუმენტაცია, რომელიც ამ მიმართულებით გაჩენილ კითხვებს პასუხობს. ვინაიდან დოკუმენტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, დეტალები არ საჯაროვდება. უცნობია, როდიდან ამოქმედდება ტაქსების რეგისტრაცია და რის მიხედვით გაიცემა ლიცენზიები. თუმცა ცნობილია დედლაინი – 2017 წლის დასასრული.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა გეგმა აქვს მერიას 2017 წელს და როგორ მოაგვარებს საცობების უკვე ნორმად ქცეულ პრობლემას? თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, მერიამ ჯერ ის პრობლემები განსაზღვრა, რომელიც საცობების ძირითადი გამომწვევია და სამოქმედო გეგმაც ბაზარზე არსებული მდგომარეობის ანალიზზე დაყრდნობით შეიმუშავა.
ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერის მოადგილე:
– დღეს მოძრაობის სფერო აბსოლუტურად დაურეგულირებელია. ჩვენ გვინდა შევქმნათ მოდელი, სადაც გარკვეული თამაშის წესები იქნება შექმნილი. ეს იქნება ლიცენზირება, სანებართვო სისტემა თუ სხვა ტიპის რეგულირება. ჩვენ ვიცით, ზოგადად, ბაზარზე არსებული სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა და კონცეფციის დეტალები გვაქვს.
– ვინ გამოიკვლია ზოგადი მდგომარეობა ბაზარზე?
– მერიამ, საკუთარი რესურსით. ეს არ არის საფუძვლიანი კვლევა. ეს არის ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კონცეფცია.
– და რა გამოიკვეთა ანალიზიდან? რა ხდება ბაზარზე?
– ბაზარი არის დაურეგულირებელი. ვისაც დღეს ტაქსით მოძრაობის სურვილი აქვს, ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. ტაქსები, ძირითადად, თბილისში არარეგისტრირებული ავტომობილები არიან. ავტომობილების უმრავლესობა 20 წლის ასაკობრივი ჯგუფისაა და საკმაოდ მოძველებულია. ბაზარზე მცირე წვლილი უჭირავთ ორგანიზებულ კომპანიებს, რომლებსაც ან საკუთარი ტაქსოპარკი ჰყავთ ან ისეთ ავტომობილებს უწევენ ოპერირებას, რომლებიც გარკვეულ სტანდარტებში ჯდება. სხვა მხრივ, რეგულაციები არ არსებობს, არც მძღოლის მიმართაა მოთხოვნები. მათი წრე, ვინც დღეს ამ საქმითაა დაკავებული, საკმაოდ დიდია, რომლისთვისაც ის შემოსავალი მნიშვნელოვანია. ტაქსი მათი თვითდასაქმების ერთ-ერთი სექტორია. თვითდასაქმებულების დიდი ნაწილი დღეს ტაქსების სფეროშია ჩართული.
– თქვენ ისეთ პრობლემებზე საუბრობთ, რომ ამის მოგვარების ეფექტური გზა ტაქსების ლიცენზირებაა. გადაიდგმება თუ არა ნაბიჯები ამ მიმართულებით?
– ჩვენ ვფიქრობთ, ზოგადად, ბაზრის რეგულირებაზე. ეს იქნება ლიცენზირება, სანებართვო სისტემა თუ სხვა ტიპის რეგულაციები. როდესაც დოკუმენტი მზად გვექნება, ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ. ჯერჯერობით, ვფიქრობთ, რომ ბაზარი გავხადოთ ორგანიზებული და რეგულირებული. ფორმა კი, როგორ გავაკეთებთ ამას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა დოკუმენტზე მუშაობას დავასრულებთ.
– თქვენ დამუშავებული გაქვთ კონცეფცია, რომელიც იმ მიზეზებს ემყარება, რაც საცობებს იწვევს. რა არის ქალაქში საცობების გამომწვევი მიზეზები, ანუ რას ეყრდნობა თქვენი კონცეფცია?
– საცობებს იწვევს რამდენიმე მიზეზი. პირველი – ეს არის ავტომობილების მზარდი რიცხვი. მაგალითად, ბოლო წელს ავტომობილების რიცხვი, მხოლოდ თბილისში, 7%-ით გაიზარდა. ქალაქში რეგისტრირებული, დაახლოებით, 420 ათასი ავტომობილია. 2012 წელთან შედარებით, ავტომობილების რიცხვი გაორმაგებულია. მზარდი მაჩვენებელი ობიექტური ფაქტორია, რომელიც ქმნის შეფერხებას. მეორე – ეს არის უწესრიგო მოძრაობა მძღოლების მხრიდან. საცობებში ძალიან ბევრი არაორგანიზებული და თვითნებური მოძრაობა ხდება დარღვევების ხარჯზე და ეს ქმნის პრობლემას. არის მიზეზები, რომელიც მერიიდან გამომდინარეობს. მაგალითად, თუ რომელიმე ქუჩის რეაბილიტაცია ხდება და ეს ქუჩა იკეტება, ან რაიმე ღონისძიება იმართება ქალაქში. ბუნებრივია, ესეც შეფერხებას იწვევს. პრობლემას ამწვავებს თბილისში შემომავალი ავტომობილების, ტრანზიტული მარშრუტებისა და ტაქსების დიდი რიცხვი, რომელიც ძირითადად რეგიონიდან შემოდის. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მოძრაობას ტვირთავს. ჩვენ გვაქვს საცობების მართვის 5-მიმართულებიანი გეგმა, რომელიც საცობების გამომწვევი მიზეზების საპასუხოდაა მომართული.
– რომელია ეს ხუთი მიმართულება და როდის დასრულდება ის პროცესები, რაც ამ გეგმის მიხედვითაა დაწყებული?
– პირველი, ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულება, რომელიც მოიცავს ახალი გზების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაცია-განახლებასა და კვანძების მოწყობას. 2016 წელს გავაკეთეთ პუშკინის ესტაკადა, კრწანისი-შინდისის გზა, სამება-მახათას გზა. 2017 წელს დაგეგმილია ვაშლიჯვრის, მარშალ გელოვანის გზის მოწყობა და რამდენიმე ახალი პროექტი. რაც შეეხება განახლებას, შარშან ბევრ ქუჩაზე ჩატარდა კაპიტალური რემონტი. კარგი ხარისხის გზა ნიშნავს უფრო მეტ გამტარუნარიანობას და წელსაც, ამ მიმართულებით, დაახლოებით 85 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომ მთლიანობაში გზების რეაბილიტაცია განხორციელდეს. სააკაძის კვანძი მოვაწყვეთ, რომელმაც გააუმჯობესა მოძრაობის გადაადგილება, როგორც ორგანიზებულობის, ისე უსაფრთხოებისა და გამტარუნარიანობის კუთხით. მომავალშიც ვაპირებთ, რომ ასეთი კვანძები შევისწავლოთ და უსაფრთხოების კუნძულებით, შუქნიშნებითა თუ სხვადასხვა ტიპის ჩარევებით მოძრაობა ორგანიზებული გავხადოთ. მეორეა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ჩვენ დავიწყეთ ახალი ავტობუსების პროექტი. ამ მომენტისთვის დაახლოებით 25 ახალი ავტობუსი მოძრაობს. მარტში 143 ახალი ავტობუსი გვეყოლება, რომელიც საკმაოდ თანამედროვე და ევროპულია. უახლოეს წლებში გვინდა ჩანაცვლდეს ავტობუსების პარკი. მესამე მიმართულება გვაქვს რეგულაციები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეგულაციებს, რომელიც უკავშირდება საწვავზე აქციზის ზრდას, ასევე დაგეგმილია ტექდათვალიერების შემოღება და ვფიქრობთ, რომ ეს გააუმჯობესებს გადაადგილებას თბილისის საზღვრებში. ვფიქრობთ, პარკირების ახალი სისტემის დამუშავებაზე, რომელმაც მეტი არეალი უნდა შექმნას თბილისში. მეოთხე მიმართულება ინფორმაციული და ახალი ტექნოლოგიების შემოტანაა. ჩვენ ვამუშავებთ საცობების მართვის აპლიკაციას, რომელმაც ინფორმირებული უნდა გახადოს მძღოლი, რომელ ქუჩებზეა საცობი, რათა თავად დაგეგმოს მარშრუტები. ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს ელექტრომობილებს. მეხუთე მიმართულებაა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომელიც მოუწოდებს მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს, რომ საგზაო უსაფრთხოებისა და მოძრაობის ორგანიზების მიმართულებით უფრო ყურადღებიანები იყვნენ. ჯამში, ეს ხუთმიმართულებიანი გეგმა 2016-2017 წლებს მოიცავს.
– მარჯვენასაჭიანი მანქანების მიმართულებით რაიმე სიახლე ხომ არ იგეგმება?
– ეს არ არის თბილისის მერიის კომპეტენცია. თუ ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა იქნებ, ჩვენ მხარს დავუჭერთ.
– ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ისინი არარეგისტრირებულები არიან. ეს შექმნის პრობლემას რეგულირების მიმართულებით, შეიქმნება თუ არა მონაცემთა ბაზა, სადაც ტაქსები დარეგისტრირდებიან?
– თუ ტაქსების რეგულირების რომელიმე ფორმა შეირჩევა, ეს ბაზარზე არსებული მოთამაშეების რეგისტრაციას თავისთავად გულისხმობს.
– დაახლოებით რამდენწლიანი პერსპექტივაა ტაქსების ლიცენზირება?
– არის პერსპექტივა, რომ 2017 წლის ბოლოსკენ ამ კუთხით მუშაობა დაიწყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მალე გავალთ ამ დოკუმენტის საბოლოოო ფორმაზე.