როგორ ხვდებიან პრეზიდენტები და მონარქები ახალ წელს

მსოფლიოს ლიდერები და მონარქები საშობაო არდადეგებისთვის ემზადებიან. წინა წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, სად და რა ატმოსფეროში შეხვდებიან ისინი შობას და ახალ 2017 წელს.

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა  2017 წლის იანვარში მეორე საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს. 2017 წელი ობამების ოჯახისთვის კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ ამ წელს ბარაკ და მიშელ ობამები „ვერცხლის ქორწილს“ აღნიშნავენ. სავარაუდოდ, წინა წლების მსგავსად, ობამების ოჯახი 2017 წლის შობასაც მშობლიური ჰავაის კუნძულებზე გაატარებს. ისინი ყოველთვის კუნძულ ოაჰუს ირჩევენ, სადაც დღეში 3500 დოლარად კაილუას პლაჟთან ახლოს მდებარე სახლს ქირაობენ. ობამები კუნძულზე, დაახლოებით, ორი კვირით რჩებიან. 2016 წელს პრეზიდენტის ოჯახის საშობაო არდადეგები ამერიკის ბიუჯეტს, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარი დაუჯდა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შობას ტრადიციულად, პოპულარული შვეიცარიული კურორტის სანკტ-მორიცეს ზამთრის კურორტზე თხილამურებზე სრიალით ხვდება. უკვე 20 წელია, მერკელი თავისი „Germina“-ს ფირმის თხილამურების ერთგულია. 2014 წლის იანვარში ანგელა თხილამურებით სრიალის დროს დაეცა, ამიტომ თხილამურების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა მაიკ ნოტნაგელმა მერკელს თხილამურების ახალი წყვილი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. სხვათა შორის, გერმანიის კანცლერს წმინდა ქალური საქმეებიც ეხერხება. რამდენიმე წლის წინათ საშობაო სუფრისთვის მან ღუმელში ბატი საკუთარი ხელით შებრაწა და სტუმრებს გაუმასპინძლდა.

 

ორიოდე წლის წინათ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი შობას მეუღლესთან ერთად, როკ-ჯგუფი „Blur“-ის ბას-გიტარისტის ალექს ჯეიმსის წვეულებაზე შეხვდა, რომელიც მუსიკოსმა საკუთარ სახლში მოაწყო. სამანტა კემერონი მთელი საღამოს განმავლობაში ცეკვავდა. პრემიერი კი ვერაფრით დაიყოლიეს, რომ კარაოკეზე ემღერა. კემერონის დაცვა თვალყურს ადევნებდა, რომ მოწვეული 200 სტუმრიდან პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლისთვის ფოტო არავის გადაეღო. „კემერონს მთელი საღამოს განმავლობაში, ღვინის ბოკალისთვის ხელი არ გაუშვია, თუმცა საერთოდ არ დამთვრალა“, – აღნიშნა წვეულების ერთ-ერთმა სტუმარმა მედიასთან.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  2017 წელს, წინა წლების მსგავსად, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში შეხვდება.

ქრისტეშობის შეხვედრას ოჯახურ წრეში აპირებს ინგლისის სამეფო ოჯახიც. სამეფოს მთავარ დღესასწაულს ელისაბედ II უკვე მრავალი წელია, ნორფოლკის საგრაფოში მდებარე სანდრინგემის საგვარეულო მამულში აღნიშნავს.
მეზობლად მდებარეობს პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის ემბერის რეზიდენცია, სადაც სამეფო ოჯახი იკრიბება.
შობა დღეს, სანდრინგემის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ელისაბედ მეორე სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისგან მილოცვებსა და ყვავილებს იღებს.
სამეფო ოჯახისთვის შობის აუცილებელი ღონისძიებების რეგლამენტშია: ღვთისმსახურებაზე დასწრება, საზეიმო სუფრა ადგილობრივ მიდამოებში გაზრდილი ინდაურით, საჩუქრების გაცვლა, ხოხბებზე ნადირობა და, რა თქმა უნდა, დედოფლის სატელევიზიო მიმართვის მოსმენა.
სხვათა შორის, თავად ელისაბედ II ამ პროცესს არ ესწრება და თავის მოსასვენებელ ოთახში განმარტოვდება.
კეიტ მიდლტონმა უკვე დაიწყო ზეიმისთვის მზადება და საჩუქრების შერჩევა. კემბრიჯის ჰერცოგინია პირადად ბრძანდებოდა ლონდონის უნივერმაღში „Peter Jones“, რომელიც საჩუქრის ყუთებით დატვირთულმა დატოვა.
პრინცმა უილიამმა კი აღიარა, რომ მისთვის საუკეთესო საჩუქარი გამოძინება იქნებოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ თავისი პატარა შვილის ჯორჯის წყალობით, „რომელიც შობის ღამეს კურდღელივით იხტუნავებს“, ამის იმედი არ აქვს.

წყარო

Comments
Loading...