რომან გოცირიძე: ვუბრუნდებით შევარდნაძის ეპოქას, როცა ქუჩაში საბურავებს ვწვავდით და შუქები არ იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნით, სახელმწიფო, არსებული ენერგოტარიფების შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ მან პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.

https://www.youtube.com/watch?v=8S1v8AzUqfU&feature=youtu.be

„ლარის გაუფასურება ეს არის მახე, ხაფანგი, საიდანაც თავს ვერ დააღწევთ. მე გეკითხებით, როგორ არ გაიზრდება შუქის ტარიფი? თუ სუბსიდირებას გააკეთებთ, როგორც გაზზე აკეთებთ? სუბსიდირებასაც ვერ გააკეთებთ, რადგან ბიუჯეტში ფული არ გაქვთ. არ მოატყუოთ მოსახლეობა“ – აღნიშნა გოცირიძემ.

მისი თქმით, ლარის „კატასტროფული კურსით“, რომელიც დღეს დაფიქსირდა, სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ტარიფების შენარჩუნება შეუძლებელია.

„ან, ენერგოკომპანიებს ხელების გადაგრეხას დაუწყებთ, ან აიძულებთ მარეგულირებლებს, რომლებიც ისედაც თქვენი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არიან, ტარიფების კორექცია არ მოახდინონ და ეს საბოლოო ჯამში, გადაიზრდება დარგის კოლაფსში. უკვე დაიწყო შუქების გამორთვა და ლამის გრაფიკზე გადაგვიყვანონ. დავუბრუნდებით შევარდნაძის პერიოდს. იმიტომ, რომ მაშინ, სწორედ ასეთი არასაბაზრო მეთოდებით მართვის გამო იყო, რომ ქუჩაში საბურავებს ვწვავდით და შუქები არ იყო. მივდივართ აქეთკენ. მიხედეთ ფინანსურ სტაბილურობას, მიხედეთ ლარს. ეს არის მაკროეკონომიკური ცოდნის დეფიციტი მთავრობაში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის ხუთი პუნქტით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6599 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.6154 ლარი იყო.

Comments
Loading...