„რომელ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე მელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობა“ ???”

„გააკეთა რუსულ პოლიტიკაზე ორიენტირებული განცხადება, გააკეთა განცხადება, რომელიც მხოლოდ ჩვენს ინტეგრაციულ პროცესებს ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ევროკომისიამ ძალიან ბევრი საქმიანობის საფუძველზე გასცა ეს რეკომენდაცია“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე და თვლის, რომ ჯოზეფ დაულის განცხადება საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებს ეწინააღმდეგება.

for.ge ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა.

საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა საშინაო დავალება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ახლა დარჩა საკითხის კენჭისყრაზე გატანა. თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვს „ევროპის სახალხო პარტიის“ საპატიო პრეზიდენტს. ბატონო ვიქტორ, რამდენად სწორი და ადექვატური იყო ჯოზეფ დაულის მესიჯები საქართველოსთან მიმართებაში და აპირებთ თუ არა მასთან შეხვედრაზე ამ საკითხის დაყენებას?

ვიქტორ დოლიძე: შეხვედრა დადგეგმილია პრეზიდენტთან, ასევე ჩვენთანაც ჰქონდა კომუნიკაცია და ჩვენც ვხვდებით. მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუკი ყველა პოლიტიკური ძალა შეხვდება და დააფიქსირებს თავის პოზიციებს, დაანახებენ რეალობას, იქნებ შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი ბატონი დაული. ჩვენ მადლიერი ვართ, როგორც „სახალხო პარტიის“, ასევე ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც ევროპარლამენტშია წარმოდგენილი, რადგან დიდი ხანია მხარს გვიჭერენ პრინციპულ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის ინტეგრაციის პროცესებში. რაც შეეხება დაულის განცხადებას, ვადასტურებ, რომ ეს იყო არასწორი და არა ევროპაზე ორიენტირებული. პირიქით, რუსეთის ინტერესების შემცველი განცხადებაა, რომელიც ჩვენი ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შესუსტებას გულისხმობს.

რა კავშირი აქვს საპარლამენტო არჩევნებთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს?

– არჩევნებს რომ არავითარი კავშირი არ აქვს ვიზა-ლიბერალიზაციასთან, ამიტომაც ვამბობ, რომ შეცდომაში იყო შეყვანილი. ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი პოლიტიკური პროცესია. თუმცა, არ ნიშნავს, რომ ერთიც და მეორეც ზედმიწევნით არ უნდა წარიმართოს. ბრიუსელში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, სადაც კითხვა საქართველოსთან დაკავშირებით არც დასმულა. კითხვა ისმოდა უკრაინასთან დაკავშირებით და მე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ საქართველოს კი ვანიჭებთ ყურადღებას, მაგრამ გვინდა, რომ უკრაინაც ამავე ნავში იყოს-თქო.

„სახალხო პარტიას“ არც ერთ შეხვდრაზე არ გამოუთქვამს პოზიცია, რომ შეიძლება არ დაუჭირონ მხარი ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას? გამორიცხავთ, რომ დაულის განცხადების შემდეგ „სახალხო პარტიამ“ ჩააგდოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი?

– არ მგონია. უფრო მეტსაც გეტყვით – 21 იანვარს ევროპარლამენტში მიღებული იქნა შესაბამისი რეზოლუცია უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, სადაც სხვადასხვა კონკრეტულ და მათ შორის ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით იყო საუბარი. რეზოლუციის მე-9 მუხლში პირდაპირ წერია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხი ყველანაირი შეფერხების გაერშე უნდა განხორციელდეს.

ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით „სახალხო პარტიას“ უკვე აქვს დაფიქსრებული პოზიცია ევროპარლამენტში და არ მგონია, რომ ბატონი დაულის ინტერვიუმ რაიმე შეცვალოს. არ მინდა დავაკნინო მისი გავლენა, იგი არის საპატიო პრეზიდენტი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობსთან“ ერთად უნისონში მოქმედებდა. ეს „რუსთავი 2“-ის სიუჟეტმა იმდენად ნათელი გახადა, რომ დიდი მარჩიელობა არ სჭირდება.

ბატონმა დაულმა დაწერილი ტექსტით სამი ძირითადი ელემენტი გამოყო, პირველი – იგი ჩამობრძანდება თბილისში და შეხვდება პოლიტიკურ პატიმრებს: ვანო მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაიას და გიგი უგულავას. მეორე – მან თქვა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პრაქტიკულად, დაასრულეს კიდევაც. გეგონება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ყველაფერი და სხვას არაფერი გაუკეთებია. და მესამე – ყველაფერი არჩევნებს დაუკავშირა – თქვა, რომ თუკი არჩევნები კარგად ჩატარდება, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი იქნება გადაწყვეტილი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს იყო უნიჭოდ მოფიქრებული სცენარი.

ვის მიერ?

– ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ამ ინტერვიუში ვიღაცის ხელი რომ ურევია ამაში დარწმუნებული ვარ და ეს ჩემი პროგნოზი გამართლდება. ამგვარ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას არასოდეს არ ჰქონია პერსპექტივა და არც მომავალში ექნება. ამავე დროს, ამ მომენტს აქვს ცუდი მხარე – დღევანდელმა ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა, რომ ამდენს ალაპარაკებენ და ამგვარი ქმედებებითაა დაკავებული ეს პოლიტიკური ძალა. ეს არის ძალიან ცუდი და ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ გვყავს სასამართლო, რომელშიც არის მურუსიძე, არის პროკურატურა, რომელიც არის პოლიტიზირებული და არის ისეთი კითხვები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს.

მით უმეტეს, როდესაც კეთდება განცხადება, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, ეს ალბათ, არის საქართველოს საგამოძიებო უწყების მინუსი…

– რასაკვირველია, და მე გული მწყდება, რომ ერთი მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მიხვდა, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა არანაირი პარტიული ინტერესი არ დგას. ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ ვერ ისწავლა საქმის კეთება და ვერ შეძლო უმთავრესი დანაპირების შესრულება, რასაც ჰქვია პირად ცხოვრებაში ჩაურევლობა. სასამართლოს თავისუფლება და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობის საფუძველი. ამის უზრუნველყოფა ვერ შეძლო ხელისუფლებამ, ისევ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ.

დაულის განცხადების პარალელურად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება თუკი საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს არჩევნების შემდეგ. თუკი არჩევნებამდე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი იქნება გადაწყვეტილი, ამით მოიხსნება კითხვები ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით, რაც, როგორც ჩანს, არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“?

– რა თქმა უნდა. მართალი გითხრათ არ მიკვირს როგორ მოუვიდათ თავში აზრად ამ განცხადების გაკეთება. საერთოდ, მათგან არაფერია გასაკვირი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვს მზად არის ყველაფერი გააკეთოს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, ესენი ჩამოკიდებულები არიან სააკაშვილს და სამწუხაროდ, ვერასდროს მოშორდებიან.

სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები გაახმოვანა „სახალხო პარტიის“ საპატიო პრეზიდენტმა?

– რა თქმა უნდა. ამას არ უნდა ბევრი მარჩიელობა.

რა არის მათი მიზანი, როდესაც ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებენ?

-ეს მათ უნდა ჰკითხოთ ალბათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალაა. ოღონდ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და საერთოდ არ აინტერესებს არანაირი სახელმწიფოებრივი ინტერესები. რომელ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე მელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობა“? როგორ, სინიდისი არ აწუხებთ?

ვიცით რომელ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, ამიტომ ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში ვიყავით „ნაციონალური მოძრაობასთან“ და უმთავრესი მიზანი იყო დიქტატურის დამარცხება. ვიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ სამწუხაროდ, როცა ვნახეთ, რომ ანალოგიურ გზას ადგება ახალი ხელისუფლება, იმიტომაც არ ვართ იქ.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ დაულმა რუსულ პოლიტიკაზე ორიენტირებული განცხადება გააკეთა. თუმცა, დაულის განცხადების კოპირება მოახდინა არა მარტო „ნაცინალურმა მოძრაობამ“, არამედ ნინო ბურჯანაძემაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველო ვერ მიიღებს ვიზალიბერალიზაციას…

– ქალბატონ ნინოსაც უნდა გავუმტყუნო მოლოდინები, რადგან დარწმუნებული ვარ, საქართველო არჩევნებამდე მიიღებს უვიზო მიმოსვლას და ამისთვის ჩვენ ყვლაფერს გავაკეთებთ. ამიტომ ვთქვი, რომ ეს იყო რუსულ ინტერესებზე გათვლილი განცხადება. არ ვამბობ, რომ დაული შეგნებულად აკეთებს, მაგრამ ეს განცხადება რუსულ ინტერესებს უფრო ასახავს. გასაგებია, ქალბატონი ნინოს მისწრაფებები არის ევრაზიაში და არა ევროკავშირში, შესაბამისად მისი განცხადებაც გასაკვირი არავისთვის არ არის. ის ასე ფიქრობს და რა ვქნათ, მისი პოლიტიკური ხედვა და ჭვრეტა ასეთია. აქედან გამომდინარე არ გაგვკვირვებია.

ანუ ამბობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპა და გაზაფხულზე მივიღებთ შენგენის ვიზას.

– აუცილებლად. მე ვპირდები ქართველ მოსახლეობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ და რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვახდენთ სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლნტიკურ სტურქტურებში. ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა და ეს მოწიფულობის ხარისხი რომელიც შეიმჩნევა მათში, ნამდვილად არ მისცემს არავის საშუალებას ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, კიდევ დაგვაბრუნონ იმ სივრცეში რომელშიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ვცხოვრობდით.

წყარო:for.ge
თამთა ქარჩავა

Comments
Loading...