რუსეთის ელჩის მკვლელს ანკარაში უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალავენ

თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩ ანდრეი კარლოვის მკვლელს უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

თურქული კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ცხედარს ნათესავები პროზექტურიდან 15 დღის განმავლობაში არ გადაასვენებენ, მაშინ მას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალავს.

მევლუთ მერთ ალთინთაშის ცხედრის გადასვენებაზე განაცხადი მისმა დამ გააკეთა, თუმცა მას შემდეგ 24 დღე გავიდა და გვამს არავინ მიაკითხა. ამიტომ, რუსი დიპლომატის მკვლელი უპატრონოთა სასაფლაოზე, სახელმწიფო ხარჯით დაიკრძალება.

რუსეთის ფედერაციის ელჩი 19 დეკემბერს, ანკარაში გამართულ ფოტოგამოფენაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის თურქულმა პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკლა.

Comments
Loading...