რუსეთის საგარეო უწყება თანამოქალაქეებს თურქეთის დატოვებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიის დატოვებას ურჩევს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეკომენდაციის საფუძველი თურქეთის ტერორისტული საფრთხეები გახდა.
“იმის გამო, რომ თურქეთში ტერორისტული საფრთხეები გრძელდება, კიდევ ერთხელ გავუმეორებთ რუსეთის მოქალაქეებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნისგან თავი შეიკავონ”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების შესახებ კრიტიკული მასა დაგროვდა, რომელიც მისივე თქმით, ეგვიპტეზე არანაკლებია. ამ თვალსაზრისით, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამოქალაქეებს ურჩევს, ამ ეტაპზე თურქეთის რესპუბლიკაში ტურისტული ან ნებისმიერი სხვა მიზნით გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
შეგახსენებთ, თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი სუ-24 ჩამოაგდო. ოფიციალური ანკარის განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შესახებაც თურქმა მესაზღვრეებმა რუსი პილოტები 10-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა მათ ტერიტორია არ დატოვეს. ამის შემდეგ თურქეთმა F16-დან თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა. თურქეთმა გაავრცელა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტომასალაც, რომელიც მათი თქმით, ადასტურებს, რომ რუსულმა ბომბდამშენმა თურქეთის სივრცე დაარღვია. თავის მხრივ რუსეთი აცხადებს, რომ მის თვითმფრინავს, თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და იგი სირიის ტერიტორიაზე იყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა ნატოში. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ბარაკ ობამამ კი ფრანუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ “თურქეთს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას უფლება აქვს თავისი საჰაერო სივრცე დაიცვას”.

Comments
Loading...