რუსეთმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია
თურქეთის შემდეგ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცეც დაარღვია. განცხადება ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა რადიოინტერვიუს დროს გააკეთა.
მოშე ია–ალონის თქმით, რუსეთის საჰაერო ძალების მოიერიშე ისრაელის ტერიტორიაზე სირიის მხრიდან თითქმის ორი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ პილოტებს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცნობეს, მათ კურსი შეცვალეს და სირიისკენ გაბრუნდნენ.
“რუსული თვითმფრინავის შემოჭრა დაფიქსრიდა, დაახლოებით 1,6 კმ-ზე, პილოტებთან გავედით კავშირზე, თვითმფრინავმა კურსი შეცვალა და სირიაში დაბრუნდა. რუსული თვითმფრინავები არ ცდილობენ ისრაელზე თავდასხმას, ამიტომ არ არის საჭირო ავტომატით რეაგირება და მათი ჩამოგდება, როდესაც შეცდომა ხდება”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, თუმცა როდის მოხდა ინციდენტი, არ დაუკონკრეტებია.
ისრაელის გენშტაბში აცხადებენ, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა და რუსული თვითმფრინავები ისრაელის საზღვარს ხშირად კვეთენ.
სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელსა და რუსეთს შორის არსებობს შეთანხმება სირიის საკითხზე კოორდინირებული მუშაობის შესახებ, რაც სამხედროებს ინსტრუქტაჟის დაცვას ავალდებულებს.