რუსეთმა შესაძლოა გაეროს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართოს

რუსეთმა შესაძლოა, გაეროს უშიშროების საბჭოს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართოს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ ორგანიზაციაში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა. მისი თქმით, საკითხზე ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საკითხი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ნავთობის კონტრაბანდისტული გზით მიწოდებას ეხება, რომელშიც თურქეთი რუსეთს ადანაშაულებს.
“ჩვენ არაკეთილსინდისიერი გზით ნავთობს ტერორისტებს არ ვაწვდით. თუ დადასტურდა, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, თანამდებობას დავტოვებ. თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება, მათ წარმოადგინონ და დავინახავთ”, – დასძინა მან.
პარალელურად, ეგეოსის ზღვაში რუსულმა სამხედრო ხომალდმა თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იყო „გამაფრთხილებელი გასროლა“, რადგან თურქული თევზსაჭერი გემი 600 მეტრით მიუახლოვდა რუსულ სამხედრო გემს, რის გამოც შეჯახების საფრთხე შეიქმნა.
შეგახსენებთ, ჯერ რუსეთმა თურქეთი, ხოლო შემდეგ კი თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთი „ისლამური სახელმწიფოსთან’’ ნავთობვაჭრობაში დაადანაშაულა. რეჯებ ტაიბ ერდოღანის თქმით, თურქეთს შესაბამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც გააჩნია და მას მსოფლიოს წარუდგენს.
„ჩვენ გვაქვს დამამტკიცებელი დოკუმენტები. ჩვენ მას მსოფლიოს წარვუდგენთ. რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ თურქეთი დაეშისგან (‘’ისლამური სახელმწიფო“) ნავთობს ყიდულობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცილისწამება იქნება’’, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
აღნიშნული ბრალდების შემდგომ რუსეთმა მედიისა და დიპლომატებისათვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მოსკოვის განცხადებით თურქეთის მიერ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის დიდი რაოდენობით შეძენას ადასტურებს.

Comments
Loading...