„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო სათათბიროდ გავიდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დასრულდა.

მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, როგორც მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ აღნიშნა, მათ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად გარკვეული დრო დასჭირდებათ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება. მხარეების განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს მათ წინასწარ აცნობებს.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ხალვაში სააპელაციო სარჩელზე უარს ამბობს. საუბარია ლოგოს და საავტორო უფლებების ნაწილზე. სასამართლომ პაატა სალიას სარჩელზე დავა შეწყვიტა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. „რუსთავი 2“-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის საკუთრებაში არსებულ შპს „პანორამას“ მიეკუთვნა.

Comments
Loading...