„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს


​სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს, რა დროსაც მასა და ტელეკომპანიის ოპერატორ გიორგი ცანავას თავს დაესხნენ.

ჟურნალისტის თქმით, ოპერატორი ნაცემია.

როგორც სამაუწყებლო კომპანიაში აცხადებენ, ელენე ფირცხალაიშვილი და გიორგი ცანავა აეროპორტის ტერმინალში ინტერვიუებს იღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრებოდნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილთან ინტერვიუს დროს, მათ უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი „რუსთავი 2“-ის ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.

ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სავარაუდოდ, თავდამსხმელის თანმხლები ქალბატონი მას დაუპირისპირდა და არ აძლევდა ტელეფონით ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გადაღების საშუალებას.

„რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა. „კურიერის“ ინფორმაციით, დაკითხვაზე გადაიყვანეს თავდასხმაში მონაწილე პირიც.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ სახეზეა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევა, რაც ცემას გულისხმობს, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.

„მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა“ – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და შს სამინისტროს მიმართავს.

Comments
Loading...