რუსული პრესა: „ქართული ოცნება“ სტალინის გამო ირღვევა

რუსული გამოცემა «КоммерсантЪ»-ი, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება და წერს, რომ მმართველი კოალიციის დაშლა ხელსაყრელია მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისათვის.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის მიმოხილვას:

„ქართულ ოცნების“ პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე კონფლიქტმა მმართველი კოალიცია დაშლის საფრთხის წინაშე დააყენა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები – გოგი თოფაძე და თინა ხიდაშელი, რაც საგარეო პოლიტიკური ორიენტირებითაა განპირობებული: გოგი თოფაძე და მისი თანამოზრეები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და მისი თანაპარტიელები კი პირიქით – ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერები არიან. დავაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაერია და მხარეებს საჯარო შეხლა-შემოხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. „ქართულ ოცნებაში“ დაწყებული კრიზისი შეიძლება ოპოზიციამ – მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, რომელსაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რევანშის აღება სურს“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გამოცემული „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ ბოლო დღეების დაპირისპირების მიმდინარეობა: გოგი თოფაძისა და თინა ხიდაშელის განცხადებები პრესით და ტელევიზიით, მათი არგუმენტები ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტირების შესახებ და ა.შ. იყო არასასიამოვნო ეპითეტებიც… სტატიაში ყურადღება გამახვილებულია თინა ხიდაშელის ტელეგამოსვლაზე „რუსთავი-2“-ის გადაცემაში, როცა მან დეპუტატ გოგი თოფაძეს „სტალინისტი“ და „რუსეთუმე“ უწოდა. მანამდე კი თვითონ გოგი თოფაძემ ნატო და ამერიკა საქართველოსთვის უბედურების მომტანებად“ შერაცხა, იოსებ სტალინი კი „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ გენიოსად“ მიიჩნია.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამ მარტს გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში დაუშვებლად მიიჩნია მმართველი კოალიციის სუბიექტების საჯარო დაპირისპირება და მხარეებს ყველა პრობლემის კოალიციის შიგნით მოგვარებისაკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ საჯარო პოლემიკის დროს ორივე მხარემ შეცდომები დაუშვა – გოგი თოფაძემაც და თინა ხიდაშელმაც, თუმცა პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს მიანიშნა, რომ იგი არა მარტო პარტიული ლიდერია, არამედ მთავრობის წევრიც და, შესაბამისად, მისი მხრიდან პოლემიკაში ასეთი აქტიური მონაწილეობა დაუშვებელია, „ეს არმიის პოლიტიზებას იწვევს“.

საბჭოთა ეპოქისდროინდელმა დისიდენტმა, რესპუბლიკელმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ გოგი თოფაძემ თავისი მოქმედებით „უკვე წითელი მიჯნას“ გადააბიჯა, რომ მისი განცხადებების მოთმენა აღარ შეიძლება, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზეა განსახილველი. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა გაღიზიანებას იწვევს აგრეთვე გოგი თოფაძის განცხადებები იმის თაობაზე, რომ თინა ხიდაშელმა თავისი გავლენით ისარგებლა და საგარეჯოს რაიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

როგორ მოხვდნენ ერთმანეთისაგან ასე განსხვავებული პლატფორმების მქონე პარტიები ერთ კოალიციაში? „კომერსანტის“ მიერ დასმულ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ლევან ბერძენიშვილმა ასეთი მიზეზი დაასახელა – „იმ დროს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისათვის ასე იყო აუცილებელიო“. დღეს კი „ნაციონალები“ კმაყოფილებას ვერ მალავენ: „ბოლოსდაბოლოს, „რესპუბლიკელები“ მიხვდნენ, რომ მათთან ერთად კოალიციაში ისეთი ძალებიც არიან, რომლებსაც კრემლი მართავს“, – ამბობს სერგო რატიანი, „ნაციონალთა“ ერთ-ერთი ლიდერი.

ქართველი ექსპერტების აზრით, თუ საკითხი მწვავედ დადგება, „ქართული ოცნების“ ლიდერები „რუსეთუმე“ გოგი თოფაძეს მხარს არ დაუჭერენ. „ქართული ოცნება“ მთლიანობაში პროდასავლურ ძალად მოიაზრება, ამიტომაც კოალიციის წევრებისათვის უფრო ადვილია უარი თქვან გოგი თოფაძის წევრობაზე, ვიდრე „რესპუბლიკელებზე“, – განუმარტა „კომერსანტს“ სიტუაცია პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ოცნებაში“ მომხდარი განხეთქილება, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ალბათ წყალს მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაპარტიელების წისქვილზე დაასხამს“.
წყარო: ნიუსპრესი

Comments
Loading...