სააკაშვილი მთხოვდა, რომ გელაშვილის მიმართ განმეხორციელებინა ანგარიშსწორება – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცა. ირაკლი ოქრუაშვილი 2005 წლის ივლისში ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დაიკითხა. ოქრუაშვილის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გელაშვილის ცემა პირადად შეუკვეთა.

„სააკაშვილი მთხოვდა, რომ გელაშვილის მიმართ განმეხორციელებინა ანგარიშსწორება. ყველაფერი კი ისე უნდა მომხდარიყო, რომ მოტივი არ გამოჩენილიყო. მე ამ თხოვნაზე უარი განვაცხადე და შემდეგ უკვე, როცა ფაქტი მოხდა და როცა მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, მასთან საუბრის დროს დავრწმუნდი, რომ მისი თხოვნა შესრულდა ვანო მერაბიშვილის მიერ. ამ საუბრის შინაარსი მე უკვე მოგახსენეთ. ანგარიშისწორების თხოვნა მომდინარეობდა ჩემს მიმართ, იმიტომ რომ მყავდა ისეთი ჯგუფი, რომელიც ერთგულების ნიშნით გამოირჩეოდა.

მერაბიშვილი აგულიანებდა და ეუბნებოდა, თუ ერთხელ ასეთი რამ პრეზიდენტს ვინმემ გაუბედა, მაშინ სხვებიც გაუბედავდნენ, რომ არ უნდა დარჩენილიყო ყურადღების მიღმა და გარკვეული ზომები უნდა მიგვეღო. ჩავთვალე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა. მეორე შეხვედრა იყო, როცა მე ვცდილობდი გადარწმუნებას, მესამე შეხვედრაზე კი პოსტ ფაქტუმ ვისაუბრეთ, ანუ ეს ყველაფერი მოხდა და ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორება განხორციელდა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის კითხვაზე, რატომ არ მისცა ასეთი ჩვენება მან წინასწარი გამოძიებისას, როდესაც ორჯერ დაიკითხა, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაკითხვა ზერელედ და ზედაპირულად მოხდა.

„მე ორჯერ დავიკითხე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამომძიებელი არ იყო დაინტერესებული, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზერელედ და ზედაპირულად მოხდა ჩემი დაკითხვა. ეს დაკითხვები იყო სპონტანური”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
წყარო: livenews.ge

Comments
Loading...