სააკაშვილი: საქართველოში ციხის ძალადობის ინსცენირებული კადრები რუსებმა გაავრცელეს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში რუსული დაზვერვისა და კიბერთავდასხმების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, რუსეთი ჰაკერული გზებით ცდილობს ხოლმე გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებზე, მათ შორის სააკაშვილი საქართველოსაც მოიხსენიებს.

“პუტინს დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, აგრეთვე ცდილობდა, უკრაინის არჩევნებზეც მოეხდინა გავლენა. ბალტიისპირა ქვეყნების ლიდერებსაც რომ ჰკითხოთ, ისინიც გეტყვიან პუტინის ჩარევების შესახებ. ზუსტად სამხედრო თავდასხმამდე მათ საქართველოს ხელისუფლების ყველა კომპიუტერზე განახორციელეს კიბერთავდასხმა. ეს კიბერთავდასხმა კი, ეჭვგარეშეა, რომ ძირითადი საომარი მოქმედებების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

ისინი ავრცელებდნენ ცრუ ამბებს. საქართველოს შემთხვევაში მათ გაავრცელეს ვიდეო, სადაც ასახული იყო ციხის ძალადობის კადრები, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ინსცენირებული იყო იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც აშკარა კავშირები ჰქონდათ რუსეთის დაზვერვასთან. ეს კადრები ცეცხლივით მოედო ყველაფერს და გავლენაც მოახდინა, ასე რომ, ამ მასალამ თავისი საქმე გააკეთა.

ისინი აგრეთვე ანაწევრებდნენ ჩვენს სატელეფონო საუბრებს და საჭირო დროს ტვირთავდნენ რუსულ ვებ-გვერდებზე, მაგალითად არჩევნებისა და პოლიტიკური სკანდალების წინ ზუსტად. ამას ისინი უკრაინაში და საქართველოშიც აკეთებდნენ.

ესაა ის გზები, რასაც მიმართავენ, ეს ეჭვგარეშეა. კარგად ვიცნობ პუტინს, ბევრჯერ მინახავს, ბევრჯერ მისაუბრია მასთან. პუტინმა ყოველთვის ძალიან კარგად იცის რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ოპერაციების ყოველი დეტალი, ვერავინ გაბედავს, რომ მას დაუმალოს რაიმე წვრილმანიც კი”, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი

ipress.ge

Comments
Loading...