საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, ზუგდიდში მდებარე, შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ – ერთი აფთიაქიდან, მოქალაქეებზე სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების, რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც, დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა გამოვლენისა და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ზუსტი რაოდენობის დადგენის მიზნით, გამოვლენილ ობიექტსა და ბრალდებულების საცხოვრებელ მისამართებზე ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. დანაშაული სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 – დან 5 წლამდე ვადით.

Comments
Loading...