საგარეო უწყება თურქეთში ტურისტული მიზნით გამგზავრების მსურველებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში ტურისტული მიზნით მიმავალი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ტურისტული მიზნით გამგზავრების შემთხვევაში მუდამ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„თურქეთის რესპუბლიკაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამატებით გაცნობებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა არ ვრცელდება ქვეყანაში ტურისტული მიზნებით მოგზაურობის მსურველ პირებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს მიერ გაკეთდა შესაბამისი განმარტება, სადაც აღინიშნება, რომ 2016 წლის 21 ივლისს მთელს ქვეყანაში სამი თვით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს საკონსტიტუციო სამართლებრივი წესების ფარგლებში შემოღებული რეგულაციების პაკეტს, ითვალისწინებს უსაფრთოხების ზომების გამკაცრებას მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან სახელმწიფოს ბრძოლის საკითხში.

აღნიშნული რეგულაციების პაკეტი არ ითვალისწინებს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას. დაწესებული უსაფრთხოების ზომები არანაირ გავლენას არ ახდენს თურქეთის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და თურქეთში ჩამოსული სტუმრების გადაადგილებასა და დასვენებაზე, არ ქმნის რაიმე სახის წინაღობას საერთაშორისო ტურიზმსა და საჰაერო გადაადგილებებზე. არ არსებობს რაიმე უარყოფითი მდგომარეობა,რომელიც გავლენას მოახდენს თურქეთის სხვადასხვა ადგილას მყოფი სტუმრების უსაფრთხო დასვენებაზე, – აღნიშნულია თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ტურისტული მიზნით გამგზავრების შემთხვევაში მუდამ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მისდიონ თურქეთის ხელისუფლების შესაბამის მითითებებს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...