სახალხო დამცველი ევა გოცირიძეს პასუხობს: სხვისკენ თითის გაშვერას, სჯობს იმ ხარვეზებს გადახედონ, რომელიც იყო
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილ კანდიდატს, ევა გოცირიძეს პასუხობს.
როგორც ნანუაშვილი „რუსთავი 2“-თან აცხადებს, სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე ევროსაბჭოს ყველა შეკითხვას ობიექტურად უპასუხა.
„ჩვენ ვსაუბრობდით იმ ხარვეზებზე ამ პროცესში, რომელიც თავიდანვე იყო. რაც ეხებოდა პროცედურულ საკითხებს, თუნდაც იმას, თუ რატომ მოხდა ჩანაცვლება ყველაზე უფრო მაღალქულიანი კანდიდატის დაბალქულიანით და ა.შ.
სახალხო დამცველს ყოველთვის აქვს კომუნიკაცია არაერთ ორგანიზაციასთან, მათ შორის ევროსაბჭოსთან და თუკი მათი მხრიდან დასმულ კითხვებზე გავეცით პასუხი, ვფიქრობ, ალბათ ჩვენი არგუმენტები გაცილებით უფრო დამაჯერებელი იყო მათთვის. სხვისკენ თითის გაშვერას , სჯობს იმ პროცედურებს და ხარვეზებს გადახედონ, რომელიც იყო და არსებობს და იქნებ შემდგომში მაინც ავიცილოთ ის პრობლემები, რომელსაც სამწუხაროდ, ამ პროცესის დროს ჰქონდა ადგილი, “ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილმა კანდიდატმა, ევა გოცირიძემ დღეს ღია წერილი გაავრცელა.
როგორც წერილშია აღნიშნული, მისი კანდიდატურის წინააღმდეგ ძალთა არნახული მობილიზაცია განხორციელდა.
„თვით სახალხო დამცველმაც არ ითაკილა ბევრი აუგის თქმა ჩემი მისამართით ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირებთან. როგორც არ უნდა გაიკვირვოს ბატონმა უჩამ, ეს ამბავი მეც შევიტყვე სრულიად სხვა წყაროებიდან. არავის ვსაყვედურობ, ან რა უფლება მაქვს ვინმეს ავუკრძალო იმოქმედოს თავისი ნება-სურვილის შესაბამისად”,- ნათქვამია წერილში.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე იყვნენ წარდგენილი. ისინი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა ქართულმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია.