საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას განიხილავენ.
შეხვედრაზე აქცენტი კეთდება პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხებზეც. ასევე, სხდომაზე მთავრობისა და თავდაცვის საკითხებსაც განიხილავენ.
საპარლემენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი არჩევის წესის ცვლილება აუცილებელია, რასაც საპარლამენტო უმცირესობა და არასამთავრობო ორგანიზაციები არ იზიარებენ.
“ქართული ოცნების” წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებების და მისი პოლიტიკური როლის შესაბამისი.
“საპარლამენტო მოდელი რეალურად გვაქვს ქვეყანაში, ამიტომ ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი, შესაბამისად, ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ მორგებულია ამ მოდელზე. პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებების და მისი პოლიტიკური როლის შესაბამისი. თუ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო მოდელის შემდგომი გამტკიცებისკენ, რასაც კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს მსჯელობა რომ არსებული სისტემა გადაიხედოს”,- განაცხადა თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილია 23 წევრით, საპარლამენტო უმცირესობა – 8 წევრით, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” – ორი წევრით. ასევე, კომისიის შემადგენლობში არიან ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმადგენლები.