საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შესაძლოა დავით უსუფაშვილი შევიდეს
კონსულტაციები საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე დასრულებულია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმრავლესობის წევრებს კიდევ ერთხელ შეხვდა.
დღის ბოლომდე კომისიის შემადგენლობა სრულად უნდა გახდეს ცნობილი და სია გამოქვეყნდეს. ვრცელდება ინფორმაცია იმსათან დაკავშირებით, რომ კომისიის მუსაობაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩაერთვება.
უმრავლესობის წევრებმა ირაკლი კობახიძესთან დახურული კონსულტაციის შემდეგ დაადასტურეს, რომ ირაკლი კობახიძისგან დავით უსუფაშვილს აქვს შეთავაზება, ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ექსპერტ-კონსტიტუციონალისტის სტატუსით, თუმცა უცნობია თავად უსუფაშვილის გადაწყვეტილება.
კომისიაში შესაძლოა შევიდნენ კონსტიტუციონალისტები, ვახტანგ ხმალაძე და ვახუშტი მენაბდე, თუმცა მათი თქმით, ჯერჯერობით, შეთავაზება არ მიუღიათ.
ცნობილია, რომ უმრავლესობას კომისიაში 23 წევრი ეყოლება. 8 წარმომადგენელი ეყოლება ნაციონალურ მოძრაობას, 2 პატრიოტთა ალიანსს; თითო-თითო ლეიბორისტებს, თავისუფალ დემოკრატებს და დემოკრატიულ მოძრაობას.