“სამ ჭორვილსკის” მცურავი ხე, კარგ ბედში ჩავარდნილი ლურჯა, თრითინა და გაგლეჯილი კატა

40 მეტრის სიმაღლის ლილეოდენდრონი ხანმოკლე ოდისეის შემდეგ აღთქმულ მიწაზე – დენდროლოგიურ პარკში მიაბრძანეს. დენდროლოგიურ პარკში საოცნებო 41-ე მეტრ სიმაღლეს ალბათ წელს მიაღწევს ყველაზე ცნობილი ხე და ბიძინა საბოლოოდ აწეწავს “ნაციონალური მოძრაობისა” და რამდენიმე ოპოზიციონერის მოთმინებას. “სამ ჭორვილსკიმ” ამ ხის “ცურვით” ოპონენტების ნერვებზე ითამაშაო, ამბობენ.

იქნება და, რამდენი შენატრეის ლილეოდენდრონის ბედს! არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ საჩხერეში ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ ბიძინას, თავისი ოჯახით, ბაჯითში (მეღვინე-პარლამენტარი ტყემალაძის სოფელია) გაუვლია; რომელიღაც გლეხს ვირით ფიჩხი მიჰქონდა და სახედარი მილიარდერის შვილს მოსწონებია. ვირი უყიდია ასტრონომიულ ფასად; გახარებული მისულა შინ გლეხი. ცოლს უკითხავს, ლურჯა რა უყავ, კაცოო?! ნეტავ იმნაირ ბედში ჩვენი “გოგუები” ჩამაგდებინა და რას დევეძებო?!. – უპასუხია აღტაცებულ ბაჯითელს.

უნდა დაეხარჯა ფული თუ არა ბიძინას ხის შესაძენად? თავისი იყო და რასაც უნდოდა, იმას უზამდა “ხელის ჭუჭყს”. რაც შეეხება ხის გადარგვას, ყველა ჩვენგანი შეძლებისდაგვარად, ბიძინა ვართ: გვიყიდია ერთი ნერგი მაინც და სურვილის მიხედვით, სადღაც გაგვიხარებია. ისე, ოდესის გუბერნატორს ეს რომ გაეკეთებინა თავის დროზე, რამდენი ჩემი კოლეგა იტყოდა სიხარულით თვალებდაქაჩული: პირველად ჩვენს ისტორიაში, ჩვენმა მაღალმა პრეზიდენტმა ყველაზე მაღალი ხე გადარგოო. ბიძინას ეურჩებიან გარემოცვასა და მედიაში, თორემ მიშას ვინ გაუბედავდა წინააღმდეგობას? “რუსთავი 2”-ის ლექსიკა-ფრაზეოლოგიით, მიშას საქციელი ყოველთვის “უპრეცედენტო” იყო, ხოლო ბიძინას ნაკეთები ყოველთვის “ოლიგარქის ახირებაა”. ამაზე ფინალში ვიტყვი კიდევ, მაგრამ ახლა პოლიტიკაზეც ვისაუბროთ.

დავით უსუფაშვილი, რომელიც თურმე, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, კომუნისტურ პარტიაში იმისთვის შესულა, შიგნიდან დაერღვია ბოლშევიკური მონოლითი, ახლაც იმავეს ხომ არ აპირებს “ქართულ ოცნებაში”? კოალიციის სრული დაშლა “რესპუბლიკელების” გამოყოფით არ მოხდება. თანაც, ჯერ კიდევ მანდ არიან ეგენი, მაგრამ ვაი, მაგ ყოფნას: რაც მაგათ მეჭიაური და თოფაძე აჭანჭყარებენ, როგორ უდგათ ოკეანის გადაღმიდან შთაბერილი სული? რას აპირებს სოლოლაკელი შემოქმედი, რას უზამს თავის ნაცოდვილარ პოლიტიკურ აჯაფსანდალს, ჯერჯერობით არავინ იცის. ამასვე ელოდება თავად რესპუბლიკური პარტია, თუმცა, თინა არ მალავს, რომ ბიძინასთან კომუნიკაცია აქვს თავდაცვით საკითხებზე (ნეტავ, რატომ?). ერთმა ენამწარემ თქვა, ახლა თინა კი არა, თრითინაა ეგ, რადგან თრთის გამწარებული, არ დავკარგოთ გავლენა პოლიტიკასა და ადმინისტრირებაშიო.

რას იტყვის ჩვენი უპირობო მეგობარი აშშ-ი, თუ “რესპუბლიკელებს” გაყრიან კოალიციიდან? ალბათ, კარგს არაფერს. ისე, აქვე, ბოლივიის ნაპრეზიდენტალის ნათქვამი უნდა შევახსენო მკითხველს: ამერიკაში არასდროს მოხდება გადატრიალება, რადგან იქ ამერიკის საელჩო არ არისო… ხომ არ დაავიწყდა ჩრდილოეთისკენ მზერამიმართულებს, “ძია სემს” საელჩო რომ აქვს თბილისში?

“ლივერპულის” 7 პროცენტი უყიდია ბიძინასო, – მოსთქვამენ პროლეტარულად მოაზროვნე ადამიანები. აბა, ტაშკენტის “ფახთაქორს” ვინ იყიდის ან საჩხერის “ჩიხურას”? ისე, ჩვენი ბიძინა დიდი ამფორიაქებელია: ერთმა “მწარე ნაციონალმა” ნერვებიც ვერ მოთოკა და თქვა: “გაზპრომის” ფულით ნაყიდ “ლივერპულის” ყურებას დღეიდან, “სვარკის” ყურება მირჩევნიაო!

პ.ს. ახლა კი დაპირებული სათქმელი: ბიძინა ეკითხება მიშას, – კაცო, შენ როგორ გიჯერებს მთელი “ნაცეთი”? მე ერთს გავაჩუმებ, მეორე იწყებს სისულელეების ლაპარაკსო. აგერ, ბატონო, მეჭიაური მგონი, თავისი მამაკაცური პოტენციის შესახებ იწყებს ლაპარაკს და მაგის დემონსტრირებაც რომ სცადოს, სულ მოერყევა მორალური პლაცდარმი ჩემს “ოცნებასო”. – ბიძინა, საქმეს ცოდნა უნდა, ფული მაგას ვერ უშველის მარტო. პირველად რომ შევკრიბე “ნაცები”, იქვე კატა დადიოდა და კატას ვუთხარი: მიდი, კარი გააღე და დროშა შემოიტანე-მეთქი. რას იზამდა კატა?.. წამოვხტი ზეზე, გავგლიჯე შუაზე და ასე ვუთხარი “ჩემებს”: ვინც არ დამიჯერებთ, ასე გაგგლეჯთ-მეთქი! ამის შემდეგ სულ თვალებში მიყურებენ და შენ კიდევ – მარტო ჯიბეშიო!წყარო

Comments
Loading...