სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ასევე, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას არამართლზომიერი უპირატესობა მიანიჭა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 – 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments
Loading...