სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ელისო კილაძეს ეთიკის ქარტიაში უჩივლა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ელისო კილაძეს ეთიკის ქარტიაში უჩივლა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორ ელისო კილაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა.

როგორც გუბერნატორის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ ბოლო ნომერში ელისო კილაძე მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ, ყოველგვარ სიმართლეს მოკლებულ ინფორმაციას და ცდილობს შელახოს გუბერნატორის ლევან შონიას საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რის გავრცელებასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ ახდენენ.

ელისო კილაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ცრუ ბრალდებებს მიზანმიმართულად უყენებს, კილაძე მკითხველს არ აწვდის სწორ ინფორმაციას, არ გამოიკვლია ჭეშმარიტება, არც კი უცდია სიმართლის დადგენა და ენდო ერთ ინკოგნიტო წყაროს. მას არ დაურეკავს არც გუბერნატორთან და არც მის პრესსამსახურში, რათა დაკავშირებოდა მეორე მხარეს და მისგან მიეღო ინფორმაცია. ელისო კილაძემ არ გადაამოწმა ფაქტები რათა გაზეთში დაბეჭდილიყო ზუსტი ინფორმაცია. მეტიც, მან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განზრახ დაამახინჯა ფაქტები, მოიგონა სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელისო კილაძემ ჟურნალისტური ეთიკა დაარღვია, რის გამოც, მათ ეთიკის ქარტიას უკვე მიმართეს.

„მიგვაჩნია, რომ ელისო კილაძემ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები, შესაბამისად განცხადებით უკვე მივმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რადგან მიგვაჩნია, რომ დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“ და ქარტიის მეთერთმეტე მუხლი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Comments
Loading...