სამწუხაროდ, ჩემი შიშები მართლდება “ქართული ოცნების“ დავარცხნილი “ნაციონალებით“ და “რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტების თაობაზე

სამწუხაროდ, ჩემი შიშები მართლდება “ქართული ოცნების“ დავარცხნილი “ნაციონალებით“ და “რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტების თაობაზე, – ასე აფასებს დეპუტატი თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების“ ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის განცხადებებს, მიხეილ სააკაშვილთან, გიგი უგულავასთან და ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ის დავით კოღუაშვილთან ერთად 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, როცა საკანონმდებლო ორგანოში კოღუაშვილი “მოქალაქეთა კავშირის“ სიით შევიდა, ხოლო თავად – მაჟორიტარ დეპუტატად. “პარტიის წინაშე პატარა ღვაწლი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ იმ ხალხზე ისაუბროს, რომლებიც პირველივე დღიდანვე იყვნენ და თავის თავზე ყველა ის სიძნელე გადაიტანეს, რომელთაც მაშინდელი ხელისუფლება უქმნიდათ – მათ საკუთარ თავზე აქვთ გადატანილი წინა ხელისუფლების როგორც ე.წ. დუბინკები, ასევე ბორკოლები. მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ. სააკაშვილთან, უგულავასთან და მერაბიშვილთან მიმართებაში მისი განცხადებები მოვისმინე. რაღაც “ქართულ ოცნებაში“ მათი ფანკლუბის შექმნას აპირებს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და ეს რატომღაც ჩემს გარკვეულ შიშს ემთხვევა იმის შესახებ, რომ არ იყო გამორიცხული, დასავლეთის ზემოქმედების შედეგად, “ქართული ოცნება“ დავარცხნილი “ნაციონალებით“ და „რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტებულიყო. სამწუხაროდ, ეს ეჭვები და შიში მართლდება“, – ამბობს მეჭიაური. მეჭიაურის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ კოღუაშვილმა გამოარჩია. “როცა ასეთი ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს უმრავლესობის ლიდერად მომავალ ათასწლეულშიც მოიაზრებს, ჩემს შესახებ განცხადებას აკეთებს, ეს ჩემთვის დიდი პატივია. მიუხედავად, ერთგვარად ჩემი პარტიისგან გამიჯვნისა, სულ არ გამიხარდება, თუ “ქართული ოცნება“ ასეთი პიროვნებით დაზარალდება და დაზიანდება, რაც შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ, რომელთაც ქვეყნის სიყვარულში ეჭვი მეპარება. ალბათ, ზომები უნდა მიიღონ და “ოცნება“ ახლადგამომცხვარი ასეთი ლიდერებისგან უნდა განიტვირთოს“, – ამბობს თამაზ მეჭიაური.

Comments
Loading...