სანიკიძე მასწავლებელთა გამოცდის შედეგზე – მდგომარეობა სახარბიელო არ არის

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლის მასწავლებელთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.

როგორც სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შედეგები სახარბიელო არ არის, თუმცა, ამ ეტაპზე, უკეთესი მოლოდინი არ იყო.

მისი თქმით, წინა წლებიდან მოყოლებული, ეს პრობლემა იყო, რის გამოც, სახელმწიფომ სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვალა.

„შედეგები, რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესი მოლოდინი ნამდვილად არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებიდან მოყოლებული ეს პრობლემა არსებობდა, ამიტომაც, სახელმწიფომ თავიდან ბოლომდე შეცვალა სისტემა. თქვენ იცით პედაგოგების მომზადების ხელშეწყობისთვის, რომლისთვისაც შექმნა ის სისტემა, რომლის ფარგლებშიც, ყველა მასწავლებელს უკვე თანაბრად ექნება საშუალება მათთვის საჭიროებებზე მორგებული გადამზადება გაიაროს“, – განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ეს სისტემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.

მინისტრის თქმით, ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს კიდევ სამი წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ აქვს და გადამზადების კვალდაკვალ ისინი შეძლებენ კვლავ ჩააბარონ ტესტი.

„საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დაწვრილებით გავიარეთ შედეგები და არის საკმაოდ დიდი რაოდენობა მასწავლებლებისა, რომელთაც დააკლდათ 1-2 ქულა, რომლებიც არიან პოტენციურად შემდგომ საგამოცდო სეზონზე გამოცდის ჩამბარებლები. მდგომარეობა სახარბიელო არ არის, მაგრამ არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფომ გამოსავალი უკვე მოძებნა, სისტემა შეცვალა, გაუკეთა ორგანიზება და კოორდინირება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ დონორის მიერ ამ კუთხით განსახორციელებელ აქტივობებს“, – განაცხადა სანიკიძემ.

სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.

Comments
Loading...