საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ ბათუმში არეულობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ბიძინა გეგიძის განცხადებით, ქვეყანაში არეულობა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია. შესაბამისად, იგი ბათუმის მოვლენებს ამ პარტიას უკავშირებს.

„ბათუმის მოვლენებს მეც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუკავშირებ და მგონი, ეს ყველასთვის ცხადია, რადგან მათი ინტერესია ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დესტაბილიზაცია. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი ჰქონდათ ამისკენ მიდრეკილება. ახლა, როდესაც ნახეს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მათი დაბრუნება გამორიცხულია, მხოლოდ დესტაბილიზაციით და არეულობით ფიქრობენ ქვეყანაში თავიანთი პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას“, – განაცხადა გეგიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, 11 მარტს ბათუმში აქცია სპონტანურად დაიწყო, თუმცა ის ბოროტმა ძალებმა გამოიყენეს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

„ეს მოვლენები, შესაძლოა, დაიწყო სპონტანურად, მაგრამ ბოროტმა ძალებმა გამოიყენეს სპონტანური პროცესი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური ახალგაზრდები და არაახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ. ასე რომ, ეს მტკიცებულებები უკვე არსებობს, მაგრამ მოდით, გამოძიებას დაველოდოთ. მე ვენდობი გამოძიებას და საბოლოო დასკვნებს მოვუსმინოთ, როდესაც გამოძიება დამთავრდება“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარიაც აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი მოვლენები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობის გარეშე ვერ განვითარდებოდა.

მისი თქმით, ერთია, ვის როგორ უნდა წარმოჩინდეს და მეორეა – ფაქტების თანმიმდევრობა.

„თავისუფალი ზონიდან“ წამოსული ხალხი, ჯერ კიდევ სექტემბერში ამბობდა, გვავალებდნენ, რომ მოგვეხდინა უწესრიგობა, „მოლოტოვის კოქტეილები“ და ა.შ. ის, რაც მოხდა, ფაქტობრივად, ზუსტად აღწერდნენ. შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ სოლიდარობას უცხადებს უკვე ამ დარბევას. იყო შეკრებები სხვა და სხვა ქალაქებში. ამ დროს ჩადის მათი წევრი და ულტიმატუმს უცხადებს შსს-ს წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი ერთად მოწმობს, რა თქმა უნდა, იმას, რომ მათ გარეშე და მათი ერთგვარი ხელშეწყობის, მაფარველობისა თუ სურვილის გარეშე ეს ამბავი არ შეიძლება განვიხილოთ.

თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ვარშალომიძე მეორე დღეს ნიშნავს მიტინგს. ეს, ფაქტობრივად, ორგანიზებული ქაოსის შთაბეჭდილებას ტოვებდა – იწვევდნენ სპეცრაზმს, რომ დაერბიათ, რომ ამის შემდეგ იქ ყოფილიყო სურათი ხელებშეკრული ახალგაზრდების, სისხლის კვალი და შემდეგ დაეკავებინათ პერიმეტრი მშვიდობიან მომიტინგეებს და გარკვეული მაიდნის სცენარი განვითარებულიყო. დანარჩენს და უფრო ზუსტად გამოძიება დადგენს“, – აცხადებს დეპუტატი.

ზაზა ხუციშვილის შეფასებით, პოლიტიკური ძალის მიერ ძალადობის წახალისება დაუშვებელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო მხარდაჭერა უკანონობის, რადგან პატრული ასრულებდა თავის მოვალეობას, მისცა მითითება, არ დაემორჩილა მოქალაქე და სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა მოვლენები. ამის წახალისება პოლიტიკური ძალის მიერ გამორიცხულია. იქ პროცესები რომ მართული იყო, ყველა თანხმდება. გამოძიების დასადგენია იყო პირდაპირი მითითება ად სხვა ძალები იყო თუ არა ამაში ჩართული“, – განაცხადა ხუციშვილმა.

უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას თქმით, 12 მარტს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქცია დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული.

მისივე თქმით, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ხელისუფლებამ ადეკვატურად იმოქმედა. „ნაციონალურ მოძრაობა“ კი ცდილობს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულოს.

„პროტესტი, რომელიც სახეზე იყო, გადაიზარდა ორგანიზებულ ვანდალიზმში, ეს იყო მიმართული დესტაბილიზაციისკენ. ამ ყველაფერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდაჭერა გამოუცხადა ღიად, აქედან გამომდინარე, კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პროცესებს შორის არის აშკარა. ვინ უწევდა ორგანიზებას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, აღძრულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ვინც დაგეგმა და მიიღო მონაწილეობა ამ ვანდალურ ქმედებებში, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

Comments
Loading...