საპატრიარქოს იურისტი: კატეგორულად ვერ გეუბნებით – სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა მოხდება
კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს სავარაუდოდ, პროკურატურა დაკითხავს.
საუბარია მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული.
როგორც საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აღნიშნავს, გარემოებები ზუსტდება და სავარაუდოდ, თეთრუაშვილს დაკითხავენ.
„გარემოება ჯერ კიდევ ზუსტდება. კატეგორულად ვერ გეუბნებით. სავარაუდოდ, მისი დაკითხვა მოხდება და სავარაუდოდ, დაკითხვაზე ერთად წავალთ“, – განაცხადა საპატრიარქოს ადვოკატმა.
როგორც მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, დეკანოზს ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის აქვს წარდგენილი.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.