საქართველო ევროკავშირის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას EFTA-ს წევრ ქვეყნებთანაც გააფორმებს

27 ივნისს ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში , ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მიემგზავრებიან.

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (EFTA) ოთხს ქვეყანას – შვეიცარისა, ლიხტენშტაინს, ნორვეგის და ისლანდიას აერთიანებს. საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველუნარიან ბაზარზე.

შეთანხმება მოიცავს შემდეგ სფეროებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინვესტიციები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2015 წლის სექტემბერში თბილისში დაიწყო. სამრაუნდიანი მოლაპარაკებებები წარმატებით დასრულდა 2016 წლის 26 თებერვალს.

შეთანხმება ძალაში მხარეების მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ შევა.

Comments
Loading...