საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები – სად როგორ აღნიშნავენ ახალ წელს
ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებიან. ტრადიცია-რიტუალები განსხვავდება, თუმცა არის რამდენიმე დეტალი, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელია. მაგალითად თოვლის ბაბუა და მეკვლე.
არსებობს ტრადიციები, რომლებიც უკვე მივიწყებულია, თუმცა მეკვლის ტრადიაცია საუკუნეებს უძლებს და თანამედროვე ეპოქაშიც პოპულარულია.
მეკვლის ტრადიციას ოჯახი ძალიან მნიშველოვანდ მიიჩნევს, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ოჯახში მომავალი წლის ბარაქა და ბედნიერება.
სვანეთში ახალი წლის ღამეს ყველიან პურს აცხობენ, რომელთაგან ერთი სხვებთან შედარებით დიდია და შუაში ჯვარი აქვს გამოსახული. გიდელში ჩააწყობენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს.
მეკვლე კარებზე დააკაკუნებს სიტყვებით: კარი გააღეთ, ღვთის წყალობა მომაქვს, სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ფულს, ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.
გურიაში ახალ წელს კალანდობა ეწოდება. კალანდის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისგან ამზადებენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად მიიჩნევა.
კალანდობას იკვლება ღორი, ცხვება გურული კვერები ყველითა და კვერცით, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა აქვს, ასევე ნაზუქები და საცივი. ახალი წლის ღამე გურიაში მეალილოები დადიან და მღერიან. ისინი ტკბილეულს, ფულსა და ხილს აგროვებენ.
რაც შეეხება მეკვლის ტრადიციას, გურიაში მეკვლე კარზე სამჯერ აკაკუნებს. სიტყვებით: „კარი გამიღე“ , სახლიდან სამჯერ პასუხობენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხობს: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული.” შემდეგ მას კარებს უღებენ და იწყება საახალწლო მილოცვები.
ქართლ-კახეთში ახალი წლის წინა დღით ოჯახში წყაროს წყალი მიაქვთ და ეზოში აპკურებენ. მეკვლე ოჯახის უფროსი ან მოწვეული სტუმარი, რომელსაც ახალი წლის დადგომის შემდეგ ოჯახში დედას პურები, ყველი, ხორცი, ღვინო, გოზინაყი, ხილი, ჩურჩხელა და მარცვლეული მიაქვს. მეკვლე ოჯახში ხორბლის, სიმინდის ან ქერის მარცვალს მიმოაბნევს, რათა ახალი წელი ხვავიანი და ბარაქიანი იყოს.
ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს “კერია-ბერიას”, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას “მაკვრიელი” ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით “შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის”, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს “კერია-ბერიას” უნაწილებენ.
რაჭაში თუ წინა წლის მეკვლეს ოჯახი კარგად დასცდიდა, მას კიდევ სამი წლით ირჩევდნენ. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში პირველი ულოცავდა.
რაჭულ საახალწლო სუფრას ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი ამშვენებდა.
სამეგრელოში ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან რამოდენიმეჯერ თოფს ისვრიან. გათენებისას ოჯახის უფროსი ხელში ჩიჩილაკს იღებს და გარეთ გადის.
მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა) აუცილებლად კეთდება რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა”.
სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს ჩიჩილაკი მზადდებოდა, მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე. ტკბილეულთან ერთად ეს იყო სუროს ტოტები და თხილის ხვიხვილის თაიგული. რიტუალი იწყებოდა მთვარის ამოსვლასთან ერთად, რადგან ძველად დიდი ყურადღება ექცეოდა მთვარეს და მასზე მკითხაობას.
რაც შეეხება ფშავ–ხევსურეთს, აქ საუკუნეების მანძილზე არსებობდა ერთი საინტერესო ტრადიცია: ახალი წლის ღამეს ხევისბერები და დასტურები სალოცავში წაიღებდნენ ქადებს, ერბოიან პურებს და სანთლებს, თან წაიყვანდნენ სოფლის ყმაწვილებს და წინ წაიმძღვარებდნენ საკლავს. ქვით გადახურულ ხატში ისინი ლოცვაში ათენებდნენ. ახალი წლის დამდეგს ხევისბერი დალოცავდა მლოცველთ, კუთხეს, გვარსა და ოჯახებს, გარიჟრაჟზე კი გამოვიდოდა ჯვარიდან და იკვლებოდა ცხვარი, რომლის სისხლში ამოვლებული თოვლის გუნდებსაც ეშმაკისა და ბოროტის განსადევნად ხატიონის კედელს ესროდნენ. შემდგომ ყმაწვილები ქუდებს იხდიდნენ და ერთად აწყობდნენ ნაბდის ქვეშ. ერთ-ერთი მათგანი ბრმად იღებდა ქუდს და სწორედ მის პატრონს ერგებოდა წილად მთელი სოფლის მეკვლეობის პატივი.
დალოცვის შემდეგ, სოფელში იწყებოდა დღესასწაული, იხარშებოდა ლუდი, იხარშებოდა ხინკალი და ისმებოდა ჟიპიტაური. საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტები იყო პური, ერბო, ხორცი, დამწნილებული სატაცური და ტკბილი ქადები.
ძველი აჭარული ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის დადგომამდე ოჯახში აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ წლის განმავლობაში განათხოვრებული სხვადასხვა ნივთი თუ გასესხებული ფული. ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე საათით ადრე, მისაღებ ოთახში შემოჰყავდათ ფერადი ნივთებით მორთული მამალი ცხვარი, რომელიც ხვავისა და ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. 00:00 საათზე, სიცოცხლის გაგრძელებისა და სიხარულის ნიშნად, მამაკაცი გარეთ გამოდიოდა და ჰაერში თოფს ისროდა, დილით კი ბოსელში ჩადიოდა და რკინის ჯაჭვს გაათრევდა, რაც საქონლის სიმრავლის უწყვეტობასთან იყო გაიგივებული. ამ დროს ოჯახის დიასახლისი ეზოში გადიოდა და შინ წყლით სავსე დოქი შემოჰქონდა, რომელსაც ოთახში მოაპკურებდა.
გარდა ამისა, მთელი წლის მანძილზე სიტკბოსა და სიუხვის დასაბედებლად, დიასახლისს ერთმანეთში არეული ბრინჯი და შაქარი ოთახების ყველა კუთხეში უნდა მოებნია. დიასახლისს აუცილებლად წითელი ფერის კაბა უნდა სცმოდა, რაც ინეზა ზოიძის თქმით, უძველესი აჭარული ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც პატარძალი/დედოფალი – წითელი კაბით იმოსებოდა. ახალი წლის მეორე დღეს კი წესად იყო და დღემდე რჩება ნათესავებთან სტუმრად წასვლა.
ძველად აჭარაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერხვას (იგივე მეკვლეობა). „უპირატესობა ენიჭებოდა ბავშვის, უფრო კი ბიჭი ბავშვის ფერხობას.
საახალწლო სუფრას ტრადიციული აჭარული კერძებით აწყობენ: ხარჩო, ხალვა, ნიგვზიან-თაფლიანი ნამცხვარი და აჭარული საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი – მოხარშული სიმინდი. „რახან სიმინდი ხარშვისას მოცულობაში მატულობს, იგი ოჯახში მატებასთან ასოცირდებოდა, ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია აჭარის სოფლებში.
აფხაზეთში ახალ წელს განსაკუთრებულად არა 31 დეკემბერს, არამედ 13 იანვარს ხვდებიან. ამ დღეს „განახლებას”, ანუ „სამყაროს შექმნას” უწოდენ. აჯირნიხუა ანუ ხეჩხუამა – ასე უწოდებენ ძველ ახალ წელს, რომელიც აფხაზეთში ოფიციალურადაა აღიარებული არასამუშაო დღედ.