საქართველოში ხმაური დასჯადი გახდება

ამის შესახებ “პირველს” საქართველოს პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

 

“საკრებულოს წევრმა თევდორე კობახიძემ საკანონმდებლო წინადადებით მომართა საქართველოს პარლამენტს, რომ განხილულ იქნას ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში ხმაურის შესახებ 77-ე პრიმა მუხლის კანონპროექტის მომზადება. ეს წინადადება პარლამენტმა სცნო დაშვებულად და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა ეს წინადადება აქციოს საკანონმდებლო ინიციატივად, რომლის წარდგენაც შემდეგ მოხდება პარლამენტის ბიუროში და მიეცემა შესაბამისი პროცედურული მსვლელობა. რამოდენიმე კვირაში კანონპროექტი უნდა იყოს მომზადებული”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

დეპუტატის თქმით, “იმისთვის რომ არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევა, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა,რომ საჭიროა გავამკაცროთ ხმაურის კანონპროექტი, რომელიც მთელ საქართველოს შეეხება და ხმაურის წარმოქმნა გავხადოთ დასჯადი”.

 

“პირველს” ლევან გოგიჩაიშვილმა უთხრა, რომ თუ კანონპროექტი მიიღო პარლამენტმა, აღსრულების მექანიზმის ერთ-ერთი ვარიანტი საპატრულო პოლიცია იქნება. მოქალაქე, რომლის უფლება იქნება დარღვეული დაუკავშირდება 112-ს, შემდეგ ადგილზე მივა საპატრულო პოლიცია, რომელსაც ექნება სპეციალური ხელსაწყო, რითიც გაზომავს ხმაურს.

 

საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბელი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში, ხმაურის დონედ, განსაზღვრულია 55 დეციბელი.

Comments
Loading...