საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება

სიახლის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა შსს-ში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ასევე საქართველოსთვის პოლიციის შესაძლებლობის გაძლიერება და ფარული პატრულირების შემოღება, რაც გულისხმობს, რომ პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მაგალითად, მიკროავტობუსით, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ, ავტომატურად რეალურ დროში დააფიქსირებენ დარღვევებს და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდება დამრღვევი პირების გამოვლენა და დაჯარიმება ვიდეოჯარიმების რეჟიმში”, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება გადასატანი რადარების შემოღება. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, დღეს წინასწარ ცნობილია, თუ სად დგას რადარი და მძღოლი ცდილობს ფრთხილად იყოს.

,,სხვადასხვა დროს ეს რადარები სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე მექანიზმი, რომელიც სიახლეა, გააძლიერებს, ერთი მხრივ, პოლიციის შესაძლებლობებს, რომ გზა გააკონტროლონ და მეორე მხრივ, მძღოლებს გაუჩენს განცდას, რომ რეალურად კონტროლი ხორციელდება იქ, სადაც საპატრულო პოლიციის ციმციმები არ ჩანს”, – განაცხადა ხუციშვილმა.

Comments
Loading...