რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაცია ძალაში გაზაფხულის პირველ თვეს შევა.
“მოსალოდნელია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ევროპასთან ძალაში 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის – 12 ივნისს”.
ევროპარლამენტარებმა 2 თებერვალს გამართულ სესიაზე 553-66 ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.
პროცედურების თანახმად, ევროპარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში უნდა გამოქვეყნდეს.
საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპზე ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა. მეორე ფაზა ევროპულ კანონმდებლობასთან უკვე დაახლოებული ქართული კანონების აღსრულებას და მის მონიტორინგს გულისხმობდა. ევროკავშირი აკვირდებოდა შესრულდებოდა თუ არა ის კანონები, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში იყო მიღებული და საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიცემის საკითხსაც ამის შემდეგ გადაწყვეტდა.
მას შემდეგ რაც საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითი რეკომენდაცია მისცა.
მოგვიანებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება, და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდა, უფლება ექნება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6თვის ვადით შეჩერდება.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან.
საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.