საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტი 2 თებერვალს უყრის კენჭს

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ევროპარლამენტში 2 თებერვალს უყრიან კენჭს.

ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს.
შესაბამისი რეგულაციის ცვლილებას ევროპარლამენტი კენჭს უყრის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.
ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა,მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა(LIBE) საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დღეს დაუჭირა.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზარებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება.
ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო დიალოგი 2012 წელს დაიწყო. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2013 წლის დასაწყისში იყო წარმოდგენილი. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის ანგარიშები გამოქვეყნდა 2013 წლის ნოემბერში, 2014 წლის ოქტომბერსა და 2015 წლის მაისში.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.

Comments
Loading...