სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, მაგდა პაპიძე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, მაგდა პაპიძე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის დედამ, ლიანა შამუგიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ადვოკატებს განაჩენი ჩაბარდებათ, მაგდა პაპიძისთვის განსაზღვრული სასჯელი სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით გასაჩივრდება.
მაგდა პაპიძის დედა ამბობს, რომ ისინი ასევე აპირებენ სარჩელის გაგზავნას სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა რა მოთხოვნები ექნებათ აღნიშნულ საჩივარში, ამ დეტალებზე ჯერჯერობით ლიანა შამუგია არ საუბრობს. მისივე თქმით, არსებობს კითხვები, რომელსაც პროკურატურამ პასუხები ვერ გასცა და, აქედან გამომდინარე, ის იცავს საკუთარ შვილს. ლიანა შამუგია მიიჩნევს, რომ მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური „რაღაცას მალავს და სრულ სიმართლეს არ ამბობს“.

შამუგია დარეჯან მინდიკაურს მოუწოდებს, რომ კითხვებზე, რომელიც საქმეში დაცვის მხარეს გააჩნია, პასუხები გასცეს და თავადაც დაინტერესდეს, თუ რატომ არ გასცა ამ კითხვის ნიშნებს პასუხები გამოძიებამ. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა.

Comments
Loading...